საზოგადოება
გია ხუხაშვილი: "ეს საქმეები არსად არ გარბის და არჩევნების შემდეგ სამართალი ამუშავდება მთელი თავისი სიმკაცრით!"

1-gia-xuxashviliსაქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. პრემიერის მრჩეველი გია ხუხაშვილის განცხადებით, რომელიც მან ბიძინა ივანიშვილის მიმართვის შეფასებისას გააკეთა, სამართალი მთელი თავისი სიმკაცრით საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამუშავდება.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ არჩევნების ჩატარება აბსოლუტურად თავისუფალ გარემოში, ბუნებრივია, რომ გარკვეული მორატორიუმი დაკითხვებზე ტარების და ა.შ., გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, შეიძლება გამოცხადდეს არჩევნებამდე პერიოდში, რათა ეს დაძაბულობა და ესკალაცია და მუდმივი აპელირება პოლიტიკურ დევნაზე არ იყოს. 2-3 თვე შეიძლება მოცდა, ეს საქმეები არსად არ გარბის და არჩევნების შემდეგ სამართალი ამუშავდება მთელი თავისი სიმკაცრით.

მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ რეჟიმი უნდა გასამართლდეს, ეს ჩვენ გვჭირდება პრევენციისთვის, იმიტომ, რომ რეჟიმის მეხსიერება არის ძალიან ძლიერი და სისტემას თვითგადარჩენის მცდელობა კიდევ ექნება... შესაბამისად, რეჟიმის გასამართლებას პრევენციის თვალსაზრისით აქვს ძალიან მაღალი ღირებულება. და თუ ვინმე აშავებდა, პრეზიდენტის ჩათვლით, რა თქმა უნდა, თუ ის იყო ამ კრიმინალური სისტემის სათავეში, ბუნებრივია, მისი პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს მწვავედ“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ 10 ივლისს პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც პროკურატურას და შს სამინისტროს მოუწოდა, წინასაარჩევნო პერიოდში, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ დანაშაულში მხილებული პოლიტიკოსების დაკითხვაზე დაბარებისგან.