საზოგადოება
მამუკა ივანიაძე: „დავით კირვალიძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას ზეწოლით მაიძულებდნენ“
1-ivaniaZe-mamukaსაქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეში ბრალდებულ მამუკა ივანიაძის განცხადებით, დავით კირვალიძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მას სერიოზული ზეწოლით აიძულებდნენ. შემდეგ კი ჩვენება პროკურორ გიორგი დავითაშვილის კარნახით დააწერინეს. „შეგინებით, შეურაცხყოფით გრძელდებოდა ზეწოლა ოთხი საათის განმავლობაში... ისინი მპირდებოდნენ, რომ თუ მივცემდი ჩვენებას, გამათავისუფლდებდნენ, თუ არადა - დამაპატიმრებდნენ", - განაცხადა მამუკა ივანიაძემ.
ბრალდებულის თქმით, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე მისი კლასელია და ჩვენების მიცემას მის წინააღმდეგ სთხოვდნენ. დავითაშვილი მკარნახობდა, მე ვწერდი", - განმარტა ივანიაძემ, რომელიც ეჭვობს, რომ კირვალიძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას შიდა პოლიტიკური დაპირისპირების გამო აიძულებდნენ. მისი თქმით, სასამართლო პროცესზე ის აღნიშნულ ჩვენებას აუცილებლად შეცვლის.
ბრალდებული 2 ივლისს 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
“მინდა გითხრათ, გიორგი დავითაშვილი ჩემთვის ნაცნობია… მისი მხრიდან მსგავსი ქმედებები ჩემთვის ცნობილია... ჩვენ გამოვიკვლევთ მამუკა ივანიაძესთან დაკავშირებულ ფაქტს და თუ დადასტურდება მისი მხრიდან აღნიშნული უკანონო ქმედება, მე მივმართავ მთავარ პროკურორს რეკომენდაციით, პროკურორ დავითაშვილის მიმართ შესაბამისი სისხლის სამართლებრივი დევნის პროცედურები დაიწყოს”, - დაწერა მცირე ხნის წინ ეკა ბესელიამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.