საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია მთელი გასული კვირა ავღანეთში იმყოფებოდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან დოლიძემ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ მოინახულეს ქაბულში დისლოცირებული ოცეული და ჰელმანდის პროვინციაში განლაგებული 33-ე და 42-ე ბატალიონები.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები რეგიონული სარდლობა-სამხრეთ დასავლეთის მეთაურთან გენერალ-მაიორ ვოლტერ მილერთან, ტაქტიკური დაჯგუფება “ბელავუდის“ მეთაურთან, პოლკოვნიკ ჯეიმს სტოპასთან, მე-7 საბრძოლო პოლკის მეთაურთან, პოლკოვნიკ ოსტინ რენფორდთან და შტაბის უფროსთან, ვიცე-პოლკოვნიკ კრისტიან რანკინთან.
საქინფორმის მკითხველთა საყურადღებოდ: გუშინ, 14 ივლისს, 12 საათზე, ვაზიანში, IV ქვეითი ბრიგადის პოლიგონზე ISAF-ის მისიაში გასამგზავრებელი 31-ე ბატალიონის შემაჯამებელი სწავლება გაიმართა. სწავლების ერთ-ერთ ეპიზოდს სახელწოდებით „ქვედანაყოფი კონტაქტში“ საქართველოს თავდაცის მინისტრი ირაკლი ალასანია, გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე, გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია და შეიარაღებული ძალების მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები ესწრებოდნენ.
სწავლებაში მონაწილე მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი საქართველოში მომზადების შემდეგ გერმანიაში გაემგზავრება, სადაც ერთი თვის მანძილზე გაივლის დამატებით მომზადებას ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილეობისთვის.
![]() |