საზოგადოება
ბათუ საღინაძე: „სადაც იყო ფული ასაღები, დასაშინებელი, გასაყიდი და წასაღები, ოქრუაშვილი აკეთებდა ყველაფერს“

okroსაქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. პოლიციის პოლკოვნიკი, ლევან კალაძის გატაცების და მკვლელობის საქმის გამომძიებელი ბათუ საღინაძე გაზეთ „ახალ თაობასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ კანონიერმა ქურდმა ტარიელ ონიანმა ირაკლი ოქრუაშვილს 2 მილიონი ევრო სპეცანგარიშზე გადაურიცხა, რის სანაცვლოდაც საღინაძე კალაძის საქმის გამოძიებას ჩამოაშორეს, შემდეგ კი დააპატიმრეს.

„სააკაშვილი ოქრუაშვილზე, ფაქტობრივად, დამოკიდებული იყო. სადაც იყო ფული ასაღები, დასაშინებელი, გასაყიდი და წასაღები, ოქრუაშვილი აკეთებდა ყველაფერს. ხელთ მაქვს ორი გაზეთი, სადაც საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი აცხადებს, რომ შემოქმედი იმ დანაშაულებრივი ქმედებისა და წყობისა, რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა, ძირითადი შემსრულებელი იყო ოქრუაშვილი... ხომ იცით, აუარებელი ფული რომ შემოდიოდა სპეცანაგარიშებზე? ზოგს ძალით არიცხვინებდნენ, ზოგს - თხოვნით. ონიანმა უთხრა, მომეცით თქვენი სპეცანგარიშის ნომერი და მეც შემოვწირავ რაღაცასო. შემოსწირა 2 მილიონი ევრო. ვინც იქ იყო, გაიგო და ოქრუაშვილს უთხრა, ოქრუაშვილმა ჰკითხა, რამე უნდა, რამე გთხოვაო? არაო. შეეკითხე, რამე ხომ არ უნდაო. შეეკითხა. ონიანმა უპასუხა, საღინაძე ჩამოაშორეთ კალაძის საქმესო. ამას მე ვგებულობ მეორე დღესვე, მაგრამ არ ვიჯერებ. დრო რომ გავიდა, დავიჯერე", - აცხადებს საღინაძე.