პოლიტიკა
დიმიტრი მედვედევი: „თუ იმას მეკითხებით, ასეთსავე სიტუაციაში ანალოგიურად მოვიქცეოდი თუ არა, ჩემი პასუხია – დიახ“

politika-2-analogichnoსაქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. გუშინ საღამოს, 2013 წლის 6 აგვისტოს,  ქართული ტელეკომპანია Rustavi 2–ის ეთერში გავიდა ექსკლუზიური ინტერვიუ, რომელიც რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარემ დიმიტრი მედვედევმა 2008 წლის 8 აგვისტოს სამხრეთ ოსეთში ომის 5 წლისთავის წინ მისცა ნინო შუბლაძის საავტორო გადაცემა „პოზიციას“. ინტერვიუ 46 წუთს გრძელდებოდა და ერთდროულად, 22:00–ზე, რუსეთის მთავრობის საიტზე განთავსდა.

ნინო შუბლაძის შეკითხვაზე – თქვენი აზრით, 2008 წლის აგვისტოში თქვენ მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება სწორი იყო? – დიმიტრი მედვედევმა, კერძოდ, უპასუხა:

„მე ვფიქრობ, ჩვენ იძულებული ვიყავით, ამგვარად გვეპასუხა შესაბამის აგრესიულ ქმედებებზე, რომლებიც მაშინ ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს. მაგრამ მოვლენათა მთელი შემდგომი განვითარებაც სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა – მშვიდობიანი ადამიანების დაღუპვის ფაქტმა და სიტუაციაში ჩარევის აუცილებლობამ. ამიტომ, თუ იმას მეკითხებით, ასეთსავე სიტუაციაში ანალოგიურად მოვიქცეოდი თუ არა, ჩემი პასუხია – დიახ. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის უმძიმესი გადაწყვეტილება, რომლის მიღებამაც მომიწია როგორც პრეზიდენტს, როგორც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, მე ზუსტად ასევე მოვიქცეოდი. რაც შეეხება შემდგომ გადაწყვეტილებებს, როგორც მე მესახება, მოვლენათა მიმდინარეობა – მთელი ისტორია, რომელმაც მას შემდეგ ჩაიარა, ამტკიცებს, რომ მთლიანობაში ეს იყო დაბალანსებული გადაწყვეტილებები, რომლებმაც სიტუაციის შეკავების შესაძლებლობა მოგვცა. ყველაზე საშინელი ხომ, ჩემი აზრით,  იქნებოდა, თუკი ის შეტაკებები და საბრძოლო ოპერაციები, ხალხის დაღუპვა პერმანენტულად გაგრძელდებოდა 2008 წლის 8 აგვისტოს შემდეგ. ასეთი საფრთხე კი არსებობდა“.