სამართალი
„ნაციონალური მოძრაობა“: „გრძელდება პირდაპირი ტერორი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებისა და აქტივისტების მიმართ!“

1-nacebiსაქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, მათი პარტიის ლიდერებისა და აქტივისტების მიმართ პირდაპირი ტერორი გრძელდება.

„მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან, მათ შორის თავად პრემიერ–მინისტრის, საპრეზიდენტო კანდიდატის არაერთი საჯარო განცხადებისა, რომ საარჩევნო კამპანია კანონიერ, ღია და გამჭვირვალე გარემოში გაიმართება, ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს: გრძელდება პირდაპირი ტერორი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებისა და აქტივისტების მიმართ. იმ პირობებში, როცა პარტიის გენერალური მდივანი დაჭერილია, რაიონებში პარტიის თავმჯდომარეებსა და ლიდერებს აკავებენ, იბარებენ სამართალდამცავ ორგანოებში და აიძულებენ დატოვონ მოქმედი თანამდებობები და გათავისუფლების პირობად პარტიულ აქტივობაზე უარის თქმას უყენებენ (ქობულეთის, ადიგენის და ვანის გამგებლები, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე).
ფოთში დღეს 16.00 სთ-ზე პროკურატურაში დაიბარეს მალთაყვის №5 უბნის კოორდინატორი ნუგზარ გოგუა, №7 უბნის კოორდინატორი გრიგოლ ღვანია და №34 უბნის კოორდინატორი ლუიზა ჯოლოხავა. მათ დაუკავშირდა უბნის ინსპექტორი ვინმე შენგელია და პროკურატურაში გამომძიებელ წულაიასთან დაიბარა.

მივმართავთ საარჩევნო უწყებათაშორის კომისიას და არასამთავრობო სექტორს, სასწრაფო რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ ფაქტზე და მოახდინოს პრევენცია პარტიის აქტივისტებზე ზეწოლის მომავალ ფაქტებზე, რათა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეძლოს სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარება“, - აცხადებენ „ნაცმოძრაობაში“.