სამართალი
შს მინისტრი ამბასადორიალზე სიტყვით გამოვიდა

1-ambasadoriali-sam-2საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ამბასადორიალის ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოვიდა.

მინისტრმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა 2013 წლის ივლისში ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში მავთულხართების გავლების პროცესს და აღნიშნა, რომ შს სამინისტრომ ეს პროცესი დაწყებისთანავე მკაცრად დაგმო და გააპროტესტა როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით ჟენევის დისკუსიების XXIII და XXIV რაუნდებზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ზემოხსენებული რთული საკითხების ეფექტიანად დარეგულირების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგარეო საქმეთა და რეინტეგრაციის სამინისტროებთან ერთად, მათ ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის და რესურსის გამოყენებით აქტიურად მუშაობს.

მინისტრმა ასევე დასძინა, რომ შს სამინისტრო, როგორც უსაფრთხოების მთავარი გარანტორი, მუდმივ შეხვედრებს მართავს ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან უსაფრთხოებისა და არსებული პრობლემების გაცნობის კუთხით.