პოლიტიკა
შტეფან ფულე: «ევროკავშირი გვერდზე დაუდგება და დაეხმარება მათ, ვინც რუსეთის მხრიდან გაუმართლებელ ზეწოლას განიცდის!“

pol-3-fuleსაქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. 11 სექტემბერს, ევროპარლამენტში გამოსვლისას,  გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა შტეფან ფულემ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ზეწოლის შესახებ ილაპარაკა და განაცხადა:

„ვილნიუსში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი გვიახლოვდება. მოველით, რომ სამიტზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე მეზობელთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით. ზოგან ეს აშკარა საფრთხედ აღიქმება და ეს აღქმა მცდარია. თუმცა, ამის გამო ჩვენს ზოგიერთ პარტნიორზე უზარმაზარი ზეწოლა ხორციელდება.

ევრაზიის კავშირის პროექტზე მუშაობისას საჭიროა ჩვენი პარტნიორების სუვერენულ გადაწყვეტილებების პატივისცემა. ნებისმიერი მუქარა რუსეთის მხრიდან, რომელიც დაკავშირებულია ევროკავშირთან შეთანხმებების შესაძლო ხელმოწერასთან, მიუღებელია. ევროკავშირი გვერდზე დაუდგება და დაეხმარება მათ, ვინც გაუმართლებელ ზეწოლას განიცდის.

ნება მომეცით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე" და "ასოცირების შესახებ შეთანხმებები" არ არის ჩაფიქრებული რუსეთის საზიანოდ. პირიქით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროპულ ეკონომიკაში უფრო ფართო ინტეგრაცია რუსეთს დიდ სარგებელს მოუტანს. ევროკავშირი ეხმარება თავის პარტნიორებს, რუსეთის ჩათვლით, მოახდინონ მოდერნიზაცია და გახდნენ უფრო გახსნილი გლობალიზაციისთვის“.