პოლიტიკა
თეა წულუკიანი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს ეწვია

teaaსაქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში თეა წულუკიანი ევროკომისრებს − სესილია მალმსტრომსა და შტეფან ფულეს, ასევე, ევროკავშირის იუსტიციის საქმეთა დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს შეხვდება. იუსტიციის მინისტრი სიტყვით წარდგება ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე, სადაც საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრებს, განსაკუთრებულ ყურადღებას კი საქართველოში სამართლის სფეროში მიმდინარე პროცესებზე გაამახვილებს.

იუსტიციის მინისტრი ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებსაც შეხვდება და კვლევით ორგანიზაციაში „Center for European Policy Studies“ საჯარო გამოსვლას გამართავს.

თეა წულუკიანის ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში 20 სექტემბერს დასრულდება.