პოლიტიკა
დავით ზალკალიანი: „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს, აქვთ სუვერენული უფლება, გააკეთონ თავისი პოლიტიკური არჩევანი“

zalkalსაქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმაურება. საგარეო უწყება აცხადებს, რომ ვილნიუსის სამიტის წინ ამ დოკუმენტის მიღება ძალიან მნიშნელოვანია. რეზოლუციაში ევროპარლამენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე რუსეთის ზეწოლას გმობს. პარლამენტარები მოუწოდებენ მოსკოვს, პატივი სცეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სუვერენიტეტსა და პოლიტიკური არჩევანის თავისუფლებას. არ განახორციელოს სავაჭრო და სავიზო ზეწოლა. ასევე, არ ჩაერიოს გაყინულ კონფლიქტებში.

რეზოლუცია უარყოფს იმ იდეას, რომ ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ნულოვანი თამაშია. ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას და საბჭოს, განახორციელონ იმ პარტნიორი ქვეყნების მხარდამჭერი ღონისძიებები, რომლებიც რუსეთისგან ღია და საგანგაშოდ მზარდი წნეხის ქვეშ არიან.

„კიდევ ერთხელ მკაფიოდ არის მინიშნებული, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს, აქვს სუვერენული უფლება, გააკეთოს თავისი პოლიტიკური არჩევანი და ეს კიდევ ერთი მინიშნებაა გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, რომ თვით რუსეთის ინტერესებში უნდა იყოს, რომ მის საზღვრებთან იყოს ეკონომიკურად განვითარებული და დემოკრატიული ინსტიტუტების მქონე ქვეყნები“, - განაცხადა  საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა.