პოლიტიკა
პუტინი: „ეროვნულ იდენტობაზე დაფუძნებული ეროვნული იდეის არარსებობა ხელსაყრელი იყო ელიტის იმ კვაზიკოლონიალური ნაწილისთვის, რომელიც ამჯობინებდა მოეპარა და გაეტანა კაპიტალი, და არ უკავშირებდა თავის მომავალს ქვეყანას, სადაც ეს კაპიტალი გამომუშავდებოდა“

1-pol-2-putსაქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ დასკვნით პლენარულ სესიაში, რომელმაც წელს მონაწილეთა უპრეცედენტო შემადგენლობა შეკრიბა – 200–ზე მეტი წამყვანი რუსი და უცხოელი პოლიტიკოსი, საზოგადოებრივი, სულიერი ლიდერი, ფილოსოფოსი, კულტურის მოღვაწე. კლუბის საიუბილეო სხდომის თემა – „რუსეთის მრავალფეროვნება თანამედროვე მსოფლიოსათვის“. თავის გამოსვლაში პუტინმა, კერძოდ, აღნიშნა:

„დღეს რუსეთი განიცდის არა მარტო გლობალიზაციის ობიექტურ ზეწოლას თავის ეროვნულ იდენტობაზე, არამედ XX საუკუნის ნაციონალური კატასტროფების შედეგებსაც, როდესაც ჩვენ ორჯერ გადავიტანეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის რღვევა. შედეგად მივიღეთ გამანადგურებელი დარტყმა ერის კულტურულ და სულიერ კოდზე, შევეჯახეთ ტრადიციებისა და ისტორიასთან ერთიანობის გაწყვეტას, საზოგადოების დემორალიზაციას, ურთიერთნდობისა და პასუხისმგებლობის დეფიციტს. სწორედ ამაშია იმ მწვავე პრობლემების ბევრი ფესვი, რომლებსაც ჩვენ ვაწყდებით. საკუთარი თავის, საზოგადოების და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის საკითხი ხომ ერთ–ერთი ფუძემდებლურია არა მარტო სამართალში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც.

1991 წლის შემდეგ იყო ილუზია, რომ ახალი ეროვნული იდეოლოგია, განვითარების იდეოლოგია, თითქოს თავისთავად დაიბადება. სახელმწიფო, ხელისუფლება, ინტელექტუალური და პოლიტიკური კლასი პრაქტიკულად თვითჩამოცილდა ამ სამუშაოს, მითუმეტეს, რომ წინა, ოფიციოზური იდეოლოგია მძიმე კვალს ტოვებდა. და უბრალოდ სინამდვილეში ყველას ეშინოდა ამ თემასთან შეხებისაც კი. გარდა ამისა, ეროვნულ იდენტობაზე დაფუძნებული ეროვნული იდეის არარსებობა ხელსაყრელი იყო ელიტის იმ კვაზიკოლონიალური ნაწილისთვის, რომელიც ამჯობინებდა მოეპარა და გაეტანა კაპიტალი, და არ უკავშირებდა თავის მომავალს ქვეყანას, სადაც ეს კაპიტალი გამომუშავდებოდა.

პრაქტიკამ აჩვენა, რომ ახალი ეროვნული იდეა არ იბადება და არ ვითარდება საბაზრო კანონებით. სახელმწიფოს, საზოგადოების თვითმოწყობამ არ იმუშავა, ისევე როგორც სხვისი გამოცდილების მექანიკურად გადმოღებამ. ასეთი უხეში სესხებები, რუსეთის გარედან გაცივილიზების მცდელობები ჩვენი ხალხის აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ მიიღო, იმიტომ რომ დამოუკიდებლობისკენ, სულიერი, იდეოლოგიური, საგარეო პოლიტიკური სუვერენიტეტისკენ სწრაფვა – ჩვენი ეროვნული ხასიათის განუყოფელი ნაწილია. სიტყვამ მოიტანა და, ასეთი მიდგომა ბევრ სხვა ქვეყანაშიც არ მუშაობს. წავიდა ის დრო, როდესაც ცხოვრების მოწყობის მზა მოდელების დაყენება სხვა სახელმწიფოში ისე უბრალოდ შეიძლებოდა, როგორც კომპიუტერული პროგრამის“.