პოლიტიკა
პუტინი: „ჩვენი მრავალეროვნულობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებით, რუსული, თათრული, კავკასიური, ციმბირული და კიდევ რომელიც გნებავთ სხვა ნებისმიერი ნაციონალიზმის და სეპარატიზმის ექსპლუატირებით, ჩვენ საკუთარი გენეტიკური კოდის განადგურების გზას ვადგებით“

1-pol-3-putსაქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ დასკვნით პლენარულ სესიაში, რომელმაც წელს მონაწილეთა უპრეცედენტო შემადგენლობა შეკრიბა – 200–ზე მეტი წამყვანი რუსი და უცხოელი პოლიტიკოსი, საზოგადოებრივი, სულიერი ლიდერი, ფილოსოფოსი, კულტურის მოღვაწე. კლუბის საიუბილეო სხდომის თემა – „რუსეთის მრავალფეროვნება თანამედროვე მსოფლიოსათვის“. თავის გამოსვლაში პუტინმა, კერძოდ, აღნიშნა:

„ჩვენ გვესმის, რომ იდენტურობის, ეროვნული იდეის ზემოდან თავს მოხვევა, იდეოლოგიური მონოპოლიის საფუძველზე აშენება შეუძლებელია. ასეთი კონსტრუქცია არამყარი და ძალზე მოწყვლადია, ეს საკუთარი გამოცდილებით ვიცით, მას თანამედროვე სამყაროში მომავალი არა აქვს. აუცილებელია ისტორიული შემოქმედება, საუკეთესო ეროვნული გამოცდილების და იდეის სინთეზი, ჩვენი კულტურული, სულიერი, პოლიტიკური ტრადიციების სხვადასხვა თვალსაზრისით გააზრება იმის გაცნობიერებით, რომ ეს არ არის რაღაც გაქვავებული, სამუდამოდ მოცემული, არამედ ცოცხალი ორგანიზმია. მხოლოდ მაშინ დაემყარება ჩვენი იდენტობა მყარ საძირკველს, მიმართული იქნება მომავალში, და არა წარსულში. ეს მთავარი არგუმენტია იმის სასარგებლოდ, რომ განვითარების იდეოლოგიის საკითხი აუცილებლად უნდა განიხილებოდეს სხვადასხვა შეხედულებების ადამიანთა შორის, რომლებსაც განსხვავებული აზრი აქვთ იმაზე, თუ რა და როგორ უნდა გაკეთდეს ამა თუ იმ პრობლემის გადასაჭრელად. ჩვენ ყველას: ეგრეთ წოდებულ ნეოსლავოფილებსაც და ნეოპროდასავლელებსაც, სახელმწიფო მოხელეებსაც და ეგრეთ წოდებულ ლიბერალებსაც – მთელ საზოგადოებას მოგვიწევს ერთად ვიმუშაოთ განვითარების საერთო მიზნების ჩამოყალიბებაზე. უნდა გავთავისუფლდეთ მხოლოდ იდეური თანამოაზრეების მოსმენის ჩვევისგან, როდესაც ნებისმიერი სხვა თვალსაზრისი დაუფიქრებლად, ბრაზით, ზოგჯერ კი აგრესიით არის უკუგდებული. არ შეიძლება ქვეყნის მომავალი ფეხბურთის ბურთივით აგორავო აქეთ–იქით და ფეხიც კი ურტყა, არ შეიძლება ჩავეფლოთ თავაწყვეტილ ნიჰილიზმში, მომხმარებლობაში, ყველასა და ყველაფრის კრიტიკაში ან შავბნელ პესიმიზმში. ეს კი ნიშნავს, რომ ლიბერალებმა უნდა ისწავლონ მემარცხენე შეხედულებების წარმომადგენლებთან საუბარი და, პირიქით, ნაციონალისტებმა უნდა გაიხსენონ, რომ რუსეთი პირველივე ნაბიჯებიდან ყალიბდებოდა სწორედ როგორც მრავალეროვანი და მრავალკონფესიური სახელმწიფო, და რომ ჩვენი მრავალეროვნულობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებით, რუსული, თათრული, კავკასიური, ციმბირული და კიდევ რომელიც გნებავთ სხვა ნებისმიერი ნაციონალიზმის და სეპარატიზმის ექსპლუატირებით, ჩვენ საკუთარი გენეტიკური კოდის განადგურების გზას ვადგებით. არსებითად, საკუთარი თავის განადგურებას ვიწყებთ“.