პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: „კონფლიქტურ რეგიონებში არსებული ვითარების მოგვარების კუთხით სერიოზულ ცვლილებებს უახლოეს მომავალში არ უნდა ველოდოთ“

1-vstrechaსაქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა,  რომ  გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის სახელით, საოკუპაციო ზოლთან მიმდინარე მოვლენების გამო შეშფოთება გამოთქვა. 
ამასთან, მისივე განმარტებით, კონფლიქტურ რეგიონებში არსებული ვითარების მოგვარების კუთხით სერიოზული ცვლილებები უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არ არის.

ჩემი და გრიგორი კარასინის შეხვედრების ფორმატი პოზიტიური მუხტის მატარებელია, მაგრამ ამის პარალელურად ვხედავთ საპასუხო ნაბიჯებს ადმინისტრაციულ საზღვრებზე, მავთულხლართების გაბმის და კედლის მშენებლობის სახით. ვთვლით, რომ ესაა ჩვენი სუვერენტიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევა, თუმცა ამასთან დაკავშირებით რუსეთს თავისი პოზიცია აქვს", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მისივე განმარტებით, მოსკოვი დიცსა და დვანში მიმდინარე პროცესებს სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან სასაზღვრო ზოლის ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებით ხსნის.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი, რომელიც გააზრებულად, თუმცა რთულად იქნა მიღებული, გადახედვას არ ექვემდებარება”.

„სამწუხაროდ, ისევ სააკაშვილის აგრესიული რეჟიმის დროს შექმნილი ძველი სტერეოტიპები მუშაობს და საქართველოს ხელისუფლება ჯერ ვერ ახერხებს ამ მტრული მდგომარეობიდან გამოსვლას, რომელიც ვრცელდება არა მხოლოდ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, არამედ რუსეთზეც”, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.
ზურაბ აბაშიძემ და გრიგორი კარასინმა რიგით მეოთხე შეხვედრა პრაღაში, 19 სექტემბერს გამართეს.