პოლიტიკა
სააკაშვილი - ობამას: „საბოლოოდ სიტუაცია აუცილებლად გამოსწორდება, მაგრამ გაუმჯობესებამდე შეიძლება ძალიან გაუარესდეს“

1-pol-2-misha-obamaსაქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ ნიუ–იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 68–ე სესიის კულუარებში, რომელშიც საქართველოს დელეგაცია მონაწილეობს, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იქ მყოფი აშშ–ის პრეზიდენტის ბარაქ ობამასთვის რამდენიმე წინადადების თქმა მოახერხა (საუბარი დაახლოებით 40 წამს გაგრძელდა):
მიხეილ სააკაშვილი - მე ჩემს საპრეზიდენტო ვადას ვამთავრებ და თქვენთვის დიდი მადლობა მინდოდა გადამეხადა იმ თანამშრომლობისათვის, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის შედგა.

ბარა ობამა - თქვენ ძალიან მნიშვნელოვან მემკვიდრეობას ტოვებთ დემოკრატიული, რეფორმირებული საქართველოს სახით. რა გეგმები გაქვთ პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ?
მიხეილ სააკაშვილი - პოლიტიკის გარდა ჩემი მომავალი გეგმები საგანმანათლებლო სისტემასაც უკავშირდება, თბილისში საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გახსნას ვგეგმავ. 
ბარა ობამა - ეს ძალიანი კარგი იდეაა, მივესალმები
მიხეილ სააკაშვილი - დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ რუსეთში ვიზიტისას პრინციპული პოზიცია დაიკავეთ. ახლა ძალიან სარისკო პერიოდში ვართ, საბოლოოდ სიტუაცია აუცილებლად გამოსწორდება, მაგრამ თქვენივე სიტყვების პერიფრაზი რომ გავაკეთო, გაუმჯობესებამდე შეიძლება ძალიან გაუარესდეს.
ასევე, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც საქართველოსთვის გააკეთეთ და გთხოვთ, ყურადღება არ მოადუნოთ.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 68–ე სესიაზე ხვალ, 25 სექტემბერს გამოვა. ეს პრეზიდენტის რანგში გაეროს გენასამბლეაზე სააკაშვილის ბოლო გამოსვლა იქნება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ორმხრივ შეხვედრებს ჩაატარებს და მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ღონისძიებაში.