პოლიტიკა
სააკაშვილი: „რუსეთი მთელი აქტიურობით იყენებს პოლიტიკურ ბერკეტებს და იყენებს, როცა სჭირდება, სამხედრო ძალას!“

1-pol-1საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ  ნიუ–იორკში, უკანასკნელად პრეზიდენტის რანგში, მიხეილ სააკაშვილმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. თავის 35-წუთიან გამოსვლაში მან აღნიშნა:

„მე ვფიქრობ, ძალიან სახიფათო გამოწვევების ეპოქაში ვიმყოფებით სწორედ ახლა. რეალურად საქართველო 2003-ში თუ იყო სერიოზულ გზაგასაყარზე და ზუსტად ასეთივე ეგზისტენციალური დინების წინაშე ვიმყოფებით ჩვენ 2013 წელსაც. თქვენ ალბათ ისმენთ ყოველკვირეულად ინფორმაციას, რომ რუსეთმა გამოსწია წინ მავთულხლართები, ხალხს წაართვეს მორიგი ასობით ჰექტარი მიწა, მორიგი პროვოკაციები კეთდება; თქვენ ადევნებთ თვალყურს დათო ბაქრაძის, ასევე სხვა კანდიდატების საარჩევნო კამპანიას, რომელიც ასევე სერიოზული კამპანიაა, იმიტომ, რომ პირდაპირ და აქტიურად მონაწილეობს რუსეთი ამ კამპანიის წარმართვაში საქართველოს შიგნით და ამ სიტუაციაში ჩვენ უნდა გვესმოდეს, რა პერსპექტივები და რა მომავალი აქვს ჩვენს ქვეყანას.

რუსეთი არ შეცვლილა ივანე მრისხანეს დროიდან. რუსულ რეჟიმებს ერქვა სხვადასხვა სახელები, ერქვა იმპერია, მენშევიკური, ბოლშევიკური რეჟიმი, პოსტსაბჭოთა რეჟიმი, მაგრამ ტაქტიკა, სტილი მოქმედების, მისი ხელწერა, პრაქტიკულად არის შეუცვლელი. რუსეთი მთელი აქტიურობით იყენებს პოლიტიკურ ბერკეტებს და იყენებს, როცა სჭირდება, სამხედრო ძალას. სხვათა შორის, სამხედრო ძალას იყენებს ყველაზე ბოლო წუთში, თუ სხვა არაფერმა უკვე აღარ გაამართლა.

მაგალითად, ყაზანის აღება რა იყო. მონღოლების ის დაჯგუფება, რომელიც იყო ყაზანში, რუსებმა აიღეს, პრაქტიკულად, შეიარაღებული ბრძოლის გარეშე - ჩანერგეს შიგ თავისი „სტავლენიკები“ რამდენიმე წლით ადრე. იმათ ისე დაასუსტეს შიგნიდან ყაზანის სახანო, რომ როცა რუსეთი შევიდა, არავის წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ ჰქონდა. ზუსტად ასევე აიღეს ასტრახანი, ზუსტად ასე ცდილობდნენ პოლონეთის სახელმწიფოს შესუსტებას საუკუნეების განმავლობაში, ზუსტად ასევე აიღეს მე-20 საუკუნეში ძალიან ბევრი ქვეყანა, შიდა დივერსიების, პროვოკაციების, ყველანაირი მეთოდების გამოყენების გზით. ამიტომ ის, რაც საქართველოში ხდება ახლა, საერთოდ არ არის ახალი. უფრო მეტიც, საუკუნეების განმავლობაში ქრესტომათიული გამოცდილება უნდა მიგვეღო, თუ რა ტიპის ძალასთან გვქვს საქმე.