პოლიტიკა
სააკაშვილი: „ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება იყო სამკვდრო-სასიცოცხლო საფრთხე პუტინისთვის!“

1-pol-2საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ ნიუ–იორკში, უკანასკნელად პრეზიდენტის რანგში, მიხეილ სააკაშვილმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. თავის 35-წუთიან გამოსვლაში მან აღნიშნა:

„ეკატერინე მეორე, რომელსაც უნდოდა პოლონეთის განადგურება და პრაქტიკულად დაასუსტა შიგნით, ჩანერგა თავისი მეფე და მერე გადართო ძალები სამხრეთის ფრონტზე, ამასობაში პოლონეთში შეიცვალა მთავრობა, რომელმაც დაიწყო რეფორმების გატარება და პოლონეთის სწრაფი მოდერნიზაცია. და ეკატერინე მეორე წერს წერილს ფრიდრიხ დიდს, გერმანიის იმპერატორს, სადაც ეუბნება, რომ პოლონეთმა დაიწყო რეფორმების განხორციელებაო, თუ შეამჩნიეო და ეს ჩვენთვის და თქვენთვის არის კატასტროფაო, იმიტომ, რომ პოლონეთი თუ განახორციელებს მაგარ რეფორმებს, გახდება ნამდვილი სახელმწიფოო. ამიტომ ჩვენი ამოცანაა, რომ პოლონეთში არ დავუშვათ რეფორმების განხორციელებაო. ზუსტად ასევეა ის, რაც მოხდა ბოლო წლებში საქართველოში.

საქარველოში პირველად პოსტსაბჭოთა სივრცეში, თუ არ ჩავთვლით ბალტიისპირეთის ქვეყნებს - ეს სხვა, ცალკე კატეგორიის ხალხებია - პირველად მოხდა თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის, საერთოდ, თანამედროვე სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება. აი, რაც თქვენ ჩამოთვალეთ წეღან, რომ კორუფცია არ იყო, ინფრასტრუქტრურა განვითარდა, ეს ყველაფერი არის სახელმწიფოს სიმპტომები და ნიშნები.

ეს იყო სამკვდრო-სასიცოცხლო საფრთხე პუტინისთვის. იმიტომ, რომ თუ ეს საქართველოს შეუძლია, ესე იგი შეუძლია ყველა ქვეყანას პოსტსაბჭოთა სივრცეში. საქართველო იყო ყველაზე ჩამორჩენილი, ყველაზე კორუმპირებული, ყველაზე გაუბედურებული, ყველაზე დიდი მეხუთე კოლონა, სხვათა შორის. აქედან გამომდინარე, 2008 წლის ომი რუსეთის სასოწარკვეთის ნიშანი უფრო იყო, ვიდრე გააზრებული პოლიტიკის, იმიტომ, რომ რეალურად საქართველომ დაიწყო ძალიან სწრაფი განვითარება, მეხუთე კოლონა დასუსტდა, ყველაზე სწრაფად ამას მიხვდა პუტინი. საქართველოს მაგალითის მოყვანა დაიწყეს იქ. მანამდე ვარდების რევოლუციამ შეაშინა - ხალხის მობილიზაციამ და დემოკრატიულმა ენერგიამ, რომელმაც ეს გამოაღვიძა და პუტინი იძულებული შეიქნა, გამოეყენებინა სამხედრო ძალა“.