პოლიტიკა
სააკაშვილი: „2008 წელს თრიაყანაზე, ცხინვალის ზემოთ, სიმაღლე ჰქონდა დაკავებული გრუ-ს სპეცრაზმს, რომელიც ცეცხლს უშენდა სამშვიდობოებს!“

1-pol-3საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ ნიუ–იორკში, უკანასკნელად პრეზიდენტის რანგში, მიხეილ სააკაშვილმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. თავის 35-წუთიან გამოსვლაში მან აღნიშნა:

„რუსეთი შემოვიდა ზუსტად იმავე სქემით, რომლითაც შედიოდა საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნებში. ეს ზოგიერთ ჩვენს ბრიყვს ჰგონია, რომ აღმოაჩინა ახალი რაღაცა რუსეთმა, რომ ჩვენ მოვახდინეთ პროვოცირება და ჩვენი ბრალია და ჩვენ გავაკეთეთ. პირველ რიგში, სჭირდება რუსეთს ლეგენდა,  რომ ყოველთვის მიდის ჩაგრული ხალხების დასახმარებლად. ასე იყო, როცა ის იბრძოდა ევროპული იმპერიების წინააღმდეგ, ოტომანთა იმპერიის წინააღმდეგ, ასე იყო, როცა შიდა პრობლემებს ალაგებდა ხოლმე - ყოველთვის ვიღაც დაჩაგრული უნდა არსებობდეს, რომელსაც რუსეთი დაიცავს. პირველი ეს პოლიტიკური ლეგენდა და მეორე სამხედრო ლეგენდა - ომს არასდროს არ იწყებს რუსეთი.

1939 წელს იყო ფინეთში მთავრობა, რომელმაც რუსეთს არ დაუთმო ტერიტორია, დაახლოებით იმხელა ზომის, რამხელაც ახლა აქვს ოკუპირებული საქართველოში, რის შედეგადაც რუსეთის სპეცრაზმი შევიდა გამყოფი ხაზის შუაში ზუსტად, დაცხრილა რუსული პოზიციები, მერე შეიკრიბნენ მშრომელები დიდი რაოდენობით ლენინგრადში, გააპროტესტეს ეს გაუგონარი თავხედობა ფინეთისა 300 მლნ-იანი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, რომ თავს დაესხა ეს საზიზღარი ფინეთი საბჭოთა კავშირს, და მერე სხვა რაღა დარჩენოდა საბჭოთა რუსეთის მთავრობას, თუ არა ის, რომ შესულიყო და მოეხდინა მცდელობა ფინეთის დაპყრობის.

ახლა უკვე დოკუმენტურად არის დადგენილი, რომ 2008 წელს თრიაყანაზე, ცხინვალის ზემოთ, სიმაღლე ჰქონდა დაკავებული გრუ-ს სპეცრაზმს, რომელიც ცეცხლს უშენდა სამშვიდობოებს. ზუსტად ერთი ერთზე გაიმეორეს ის, რაც მოხდა 1939 წელს დამოუკიდებელი ფინეთის წინააღმდეგ.

ჩვენ 90-იანებშიც ბევრჯერ დავაბიჯეთ ფეხი იგივე ნაღმს და ზუსტად ასევე ხდება დღესაც“.