პოლიტიკა
პრემიერი ივანიშვილი: „უდიდესი დანაკლისი განვიცადეთ ქართველებმა და აფხაზებმა ამ ომში. პატივი მივაგოთ დაღუპულების ხსოვნას“

biZina-pol-3საქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი. დილიდან გმირთა მემორიალთან ხალხის ნაკადი არ წყდება. დღეს სოხუმის დაცემას გლოვობენ. საქართველოში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებმა.

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებთან ერთად მემორიალი გვირგვინით შეამკო. გმირთა მოედანზე სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებიც მივიდნენ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აუცილებელია მოხდეს დევნილების ღირსეული დაბრუნება თავიანთ სახლებში და, ამავდროულად, აღდგეს ურთიერთობა აფხაზ ძმებთან.

„უდიდესი დანაკლისი განვიცადეთ ქართველებმა და აფხაზებმა ამ ომში. ვერავინ დაგვიბრუნებს დაღუპულებს. პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას.

ძალიან მძიმეა ხვედრი დევნილი მოსახლეობის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ ღირსეული ცხოვრება შეეძლოთ ჩვენს ქვეყანაში, ღირსეული ინტეგრაცია მოახდინონ ახალ პირობებში და მანამ გავაგრძელებთ თანადგომას და დახმარებას, სანამ არ დაუბრუნდებიან საკუთარ მიწა-წყალს, საკუთარ სახლ-კარს და ღირსეულად არ გააგრძელებენ ცხოვრებას. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მაქსიმალურად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ ქართველ მოსახლეობას, და არამარტო ქართველ მოსახლეობას. მე გარწმუნებთ, რომ არანაკლებ მძიმეა ხვედრი აფხაზი მოსახლეობის, რომელიც დღეს ცხოვრობს სეპარატისტულად ხაზგამყოფი ტერიტორიის იქით. სირცხვილია, რომ 21-ე საუკუნეში ჩვენ გვიწევს პირობითი და მოგონილი გამყოფი ხაზების სხვადასხვა მხარეს ცხოვრება.

20 წელი გავიდა და ჩვენ უნდა გავაკეთოთ დასკვნები და უნდა მოვახერხოთ ჩვენი მტკიცე ხასიათით, ჩვენი ისტორიის პატივისცემით დავიწყოთ ურთიერთობის აღდგენა. ჩვენ, ახალი ხელისუფლება, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი გავხდეთ. ჩვენ ჭეშმარიტად მოვახერხებთ და ავაღორძინებთ საქართველოს, ჩვენ დავაფუძნებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, მაქსიმალურად პატივს ვცემთ ადამიანის უფლებებს“, - განაცხადა პრემიერმა.

biZina-pol-3-qvem