პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა „BBC World TV“-ს დასავლური პოლიტიკური ორიენტაციისა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ შეკითხვებზე უპასუხა

poli-2-interviuსაქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს  ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „BBC World TV-ს ტელეწამყვანის შეკითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხა.

გადაცემის წამყვანმა გიორგი მარგველაშვილს შეკითხვა დასავლურ პოლიტიკურ ორიენტაციასა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე დაუსვა.

როგორც ახალარჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა, 27 ოქტომბერს საქართველომ გააკეთა ისტორიული მნიშვნელობის არჩევანი, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვანი სვლა ევროპისაკენ. „ჩვენ ვაძლიერებთ  ურთიერთობას ევროპასთან პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებით.  ვცდილობთ  აღვადგინოთ  ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან, შევამციროთ ის დაძაბულობა, რომელიც არსებობს კონფლიქტურ რეგიონებში და მოვახდინოთ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობის  დარეგულირება,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა ასევე  ისაუბრა ქვეყნის ახალი კონსტიტუციის შესაბამისად ხელისუფლების შტოებს შორის მიღწეულ ძალთა ბალანსზე. გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პრემიერის მიერ თანამდებობის დატოვება  მნიშვნელოვანი პრეცედენტია და ქმნის დაბალანსებულ დემოკრატიულ სისტემას, რომელიც მესიისა და ზეკაცების არსებობას კი არ ეფუძნება, არამედ ჰყავს პოლიტიკოსები, რომლებიც ხალხს ემსახურებიან.

არჩეულმა პრეზიდენტმა აქცენტი გააკეთა ვილნიუსის სამიტის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით შემდეგი ნაბიჯი ვილნიუსის სამიტი იქნება, სადაც საქართველო ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას შეუერთდება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის გაწევრიანებას ევროპულ ოჯახში.