საზოგადოება
საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. წუხელ თელავი-წინანდლის დამაკავშირებელი ხიდის ნაწილი ჩაინგრა. სავალ ზოლზე ამ დროს „მერსედესის“ მარკის ავტომობილი გადაადგილდებოდა, თუმცა შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
„მოხდა თელავი-წინანდლის დამაკავშირებელი ხიდის ჩანგრევა. ამ წუთას მიმდინარეობს სამუშაოები, რომ მოძრაობა ცალმხრივად აღდგეს. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. გამომწვევ მიზეზებს რაც შეეხება, ამ დროისთვის რთულია ამაზე საუბარი. უახლოეს მომავალში შეისწავლიან“, - განაცხადა თელავის გამგებელმა აკაკი საჩიშვილმა. მისივე თქმით, აღდგენითი სამუშაოები ერთ თვეში უნდა დასრულდეს.
შესაბამისმა კომისიამ ინციდენტის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დილიდან დაიწყო და შედეგები დაახლოებით თვე-ნახევარში გახდება ცნობილი.
ამ დროისთვის ხიდზე ტრანსპორტის გადაადგილება ცალმხრივად აღდგენილია.