პოლიტიკა
ივანიშვილი: “ირაკლი ღარიბაშვილი არის ტიპიურად კახელი კაცი, ძალიან პატიოსანი, უაღრესად გულწრფელი! ძალიან ნაღდი და წესიერი კაცია!“

po-2-kaxeliსაქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. საქინფორმის პროგნოზი გამართლდა - 2013 წლის 2 ნოემბერს, 15:30 საათზე,  თბილისში, პარტია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ, რომელსაც მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მომავალ პრემიერ-მინისტრად ახლანდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურაზე მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა აბსოლუტურად ერთსულოვანი იყო”, - განაცხადა ივანიშვილმა პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენისას. 
ბიძინა ივანიშვილის თქმით, როდესაც თანაგუნდელებს პრემიერის კანდიდატურა გააცნო, მხოლოდ სიხარულის ოვაციები მიიღო საპასუხოდ. 
"ეს არ იყო კომუნისტური ტიპის უმრავლესობა და ოვაციები. დემოკრატიულ სახელმწიფოში მოხდა კანდიდატის დემოკრატიულად შერჩევა. გუნდის არც ერთ წევრს გარდა სასიამოვნო ოვაციებისა არაფერი გამოუხატავს და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გუნდში აბსოლუტურად დემოკრატიული დამოკიდებულებაა, თუ იქნებოდა განსხვავებული აზრი, ამის გამოთქმის საშუალება ყველას ჰქონდა. გუნდის ერთსულოვნება ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა", - აღნიშნა ივანიშვილმა. 
მისი თქმით, ყველაზე დიდ წარმატებას ღარიბაშვილმა შსს-ში მიაღწია, თუმცა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მას ყველაზე რთული სტრუქტურა ჩაბარდა.
"პოლიცია, რომელიც ძალადობდა საკუთარ საზოგადოებაზე, მკვლელობების მონაწილე იყო და ნდობა ჰქონდა დაკარგული, ერთ წელიწადში ღარიბაშვილმა მოახერხა და ევროპული ტიპის კულტურული პოლიცია მივიღეთ. ლომის წილზე უფრო დიდი წვლილი ამაში მიუძღვის ღარიბაშვილს. შემთხვევითი არ არის პრემიერის პოსტის გადაცემა ირაკლიზე, ამას იმსახურებს და დარწმუნებული ვართ მეც და ჩემი გუნდის წევრებიც, რომ ის იქნება ღირსეული პრემიერ-მინისტრი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.