„მე ეუთოს სადამკვირვებლო მისიას კიდევ ერთხელ დავადასტურე ის, რომ არჩევნები ნამდვილად არ ყოფილა სამართლიანი, რისიც ძალიან ბევრი მტკიცებულება არსებობს. დაწყებული თუნდაც წინასაარჩევნო პერიოდიდან... ახლა ხელისუფლების წარმომადგენლებმაც დაიწყეს საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებდა საბიუჯეტო ხარჯებს, ადმინისტრაციულ რესურსს და ამის ხარჯზე მიიღო 21 პროცენტი. იყო ასევე ძალიან ბევრი შემთხვევა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა „ქართული ოცნების“ მხრიდან.
ამ არჩევნებში განუზომლად მეტი თანხა არის დახარჯული „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ვიდრე ეს ღიად ჩანდა. არჩევნების შედეგები ნამდვილად არ შეესაბამება იმ რეალობას, რომელიც დაფიქსირდა, თუმცა მე მაშინაც განვაცხადე და ახლაც ვაცხადებ, რომ მოსული ამომრჩევლების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ნამდვილად დაუჭირა გიორგი მარგველაშვილს მხარი, ოღონდ არა იმ პროცენტებით, რაც ჩვენ ვიხილეთ.
ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სერიოზული ანალიზი გაკეთდეს, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან – იმ ახალ ტექნოლოგიებზე, რომლებიც გამოიყენება საქართველოში ყოველ არჩევნებზე... პირველ რიგში, შესაცვლელია ამომრჩეველთა ერთიანი სია, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ მილიონ 600 ადამიანი ამ არჩევნებში ნამდვილად არ მონაწილეობდა!“.
ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენასთან დაკავშირებითაც:
„გულწრფელად ვუსურვებ ირაკლი ღარიბაშვილს წარმატებას ამ ძალიან მძიმე და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, მით უმეტეს ისეთ არაორდინარულ ვითარებაში, რომელშიც მას უწევს მუშაობის დაწყება!“.