საზოგადოება
რიჩარდ ნორლანდი: „ხომალდი Mount Whitney საქართველოს კვლავ სტუმრობს და ეს არის აღიარება იმის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან”

1gemi-saz-3საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიულ წყლებს მოკლე პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ხომალდი მეორედ სტუმრობს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ამერიკულ ხომალდ Mount Whitney-ზე გამართული მიღების შემდეგ განაცხადა. 
"ეს ზუსტად ის სამხედრო გემია, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში ჰუმანიტარული ტვირთი ჩამოიტანა საქართველოში და ამით გადაარჩინა საქართველო... ამისთვის მადლობა გადავუხადე გემის კაპიტანს, მეზღვაურებს, ჯარისკაცებს და სამოქალაქო პირებს, ვინც ამ გემზე მსახურობდნენ", - განაცხადა უსუფაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში შეერთებულ შტატებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია. 
ჩვენი მხრიდან ამერიკელ კოლეგებს ვპირდებით, რომ ვიქნებით მათი საიმედო პარტნიორები და მხარდამჭერები იქ და მაშინ, სადაც და როცა ეს შეგვეძლება", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

ხომალდი Mount Whitney საქართველოს კვლავ სტუმრობს და ეს არის აღიარება იმის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან, რომლებიც იღვწიან, რათა მსოფლიოს ამ მნიშვნელოვან ნაწილში უზრუნველყოფილი იყოს რეგიონული უსაფრთხოება", - აღნიშნა თავის მხრივ რიჩარდ ნორლანდმა.

ამერიკულ ხომალდზე გუშინ საღამოს მიღება გამართეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა და გემის კაპიტანმა ქრეიგ კლეპერტონმა. მიღებაზე მიწვეული იყვნენ საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები.