პოლიტიკა
პარლამენტმა 2014 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

1-parliaento-pol-1საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. გუშინ საკანონმდებლო ორგანომ 2014 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტს მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა. კენჭისყრის პროცესში საწინააღმდეგო პოზიცია არ დაფიქსირებულა.

ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი პარლამენტს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა წარუდგინა.

"პარლამენტმა ერთხმად, 86 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა საქართველოს 2014 წლის ბიუჯეტი. როგორც აღინიშნა, ბიუჯეტი ორიენტირებულია იმ პრობლემების გადაწყვეტაზე, რომელთა წინაშეც საქართველოა. პრიორიტეტებია ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, განათლება და სოფლის მეურნეობა", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრამ უმცირესობის წევრების მონაწილეობის გარეშე ჩაიარა, რადგან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა პლენარული სხდომის პირველ ნაწილში ბარამიძესა და ჯაჭვლიანს შორის მომხდარი ინციდენტის გამო პროტესტის ნიშნად სასესიო დარბაზი დატოვეს.