პოლიტიკა
მიხეილ მარგელოვი: „მოვა დრო და ქართველ პარლამენტარებს მოსკოვში უმასპინძლებენ“

1-margelov-pol-3საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. მოვა დრო, როდესაც ქართველ პარლამენტარებს მოსკოვში გაუმასპინძლდებიან და რუს დეპუტატებსაც მიიღებენ თბილისში, - ეს განცხადება რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა მიხეილ მარგელოვმა ლონდონში, Chatham House-ის ინსტიტუტში გააკეთა, სადაც მას ქართულ სოფლებში, გამყოფ ხაზთან მავთულხლართების გაბმაზე განმარტებების გაკეთება სთხოვეს.

"2003 თუ 2004 წლებში, პანკისის ხეობაში არსებული პრობლემების დროს, ძალზედ დაძაბული ურთიერთობის ფონზე, საქართველო და რუსეთი ომის დაწყების პირას იყვნენ. მაშინ ჩვენ მართებული ნაბიჯები გადავდგით და მოვახერხეთ, რომ სტრასბურგში პანკისის ხეობაში არსებული სიტუაცია განვიხილეთ. ამ საერთო პოლიტიკურმა ძალისხმევამ შედეგი დროულად გამოიღო. ვფიქრობ, მაშინ ჩვენ სერიოზული სამხედრო კონფლიქტის თავიდან აცილება მოვახერხეთ, თუმცა სამწუხაროდ, ეს 2008 წელს ვეღარ მოხერხდა. მჯერა, მოვა დრო, როდესაც გავუმასპინძლდებით ქართველ პარლამენტარებს მოსკოვში და, ასევე, ჩვენც მიგვიღებენ თბილისში. ვფიქრობ, საქართველოში ვითარება საკმაოდ პოზიტიურად ვითარდება. სწორი მიმართულებით მიდის ხიდების აღდგენის მცდელობა რუსეთ-საქართველოს შორის. სხვათა შორის, მოსკოვში მე ყოველწლიურად მაქვს საშუალება ვისიამოვნო ბორჯომის მინერალური წყლით და მე ეს მომწონს", - განაცხადა მარგელოვმა კონფერენციაზე, რომელიც რუსეთის საგარეო პოლიტიკას მიეძღვნა.