საზოგადოება
დევნილები ლტოლვილთა სამინისტროსგან დახმარებას ითხოვენ

devnilebiiiროგორც საქინფორმს კახეთიდან აცნობეს, თელავში, თბილისის გზატკეცილის N 26-ში მცხოვრები 26 დევნილი ოჯახი, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებს და უწყებას შეშით უზრუნველყოფას სთხოვს. ერთ-ერთი დევნილი თამარ ბაციკაძე რამდენიმე პრობლემაზე საუბრობს.
მათ შორისაა ვაუჩერის სახით თითოეულ ოჯახზე გამოყოფილი 50 ლარი, რომელიც ბუნებრივი აირის გადასახადისთვის ერიცხებათ. დევნილი ქალბატონი ამბობს, რომ თანხა არასაკმარისია, რადგან თვეში ერთ ოჯახს გასათბობად საშუალოდ 120 ლარი მაინც სჭირდება.
„დახმარების გარდა სხვა შემოსავალი არ გაგვაჩნია. გვცივა, რადგან გაზს პერიოდულად ვრთავთ, თანხის დაზოგვის მიზნით. ამ დროს ბავშვები ცივდებიან და ჯანმრთელობის მხრივ სერიოზული პრობლემები გვექმნება. ომის დროს ტყვიას გადავურჩით, აქ კი ხელისუფლება სიცივეში გვკლავს“, -აღნიშნავს თამარ ბაციკაძე.
გარდა ამ პრობლემისა, იძულებით გადაადგილებულების თქმით, სამსართულიან საერთო საცხოვრებელში კარ-ფანჯრები დამპალია, წვიმისას წყალი ოთახებში შედის, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.