სამართალი
მაია ფანჯიკიძე: “რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის არავითარი აღდგენა არ მოხდება, სანამ მას ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს! საქართველო არანაირი სავიზო რეჟიმის გამარტივების სანაცვლოდ, არასოდეს დათმობს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს!”

fanji-pravo-1საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. “რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე ლაპარაკიც არ შეიძლება, სანამ რუსეთის ჯარები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დგანან!”, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში.

“რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობის არანაირი აღდგენა არ გამოვა, სანამ ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, და რუსეთში ეს იციან”, - განაცხადა ფანჯიკიძემ.

რაც შეეხება რუსეთის მიერ უვიზო რეჟიმის შემოღების შესაძლებლობას, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ ეს “ბოლო წლის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკის შედეგია”.

ამავე დროს მან აღნიშნა, რომ საქართველო ტერიტორიული მთლიანობის საკითხში დათმობაზე არ წავა. “საქართველო არანაირი სავიზო რეჟიმის გამარტივების სანაცვლოდ, არასოდეს დათმობს თავის ტერიტორიებს, და აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ყოველთვის ჩვენს ტერიტორიად ჩავთვლით!”, - განაცხადა ფანჯიკიძემ.