პოლიტიკა
აშშ-ის ელჩს მიაჩნია, რომ საქართველომ ბოლო პერიოდში დემოკრატიის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა და ახლა აუცილებელია ამ პოზიტიური კურსის განუხრელად შენარჩუნება

aSS-is-elCs-pol-1საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. გუშინ, 23 დეკემბერს, არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიები აშშ-ს ელჩ რიჩარდ ნორლანდს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარ თემას ქვეყანაში მიმდინარე პროცესების განხილვა და ბატონი ელჩისთვის ოპოზიციის მოსაზრებების გაცნობა წარმოადგენდა.

აშშ-ის ელჩთან საუბრისას ოპოზიციურმა პარტიებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია მათი ჩართვა ისეთ პროცესებში, როგორიცაა საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები და თვითმმართველობის კოდექსის მიღება, რადგან ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში სრული პოლიტიკურ-საზოგადოებრივი კონსენსუსი სჭირდება.

ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველომ ბოლო პერიოდში დემოკრატიის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა და ახლა აუცილებელია ამ პოზიტიური კურსის განუხრელად შენარჩუნება. ეს არის ის, რასაც საქართველოსგან დასავლელი პარტნიორები მოელიან და აშშ, როგორც ჩვენი ქვეყნის პარტნიორი, მზადაა ყველანაირად შეუწყოს ხელი ამ პროცესს.