სამართალი
“მთავარი პროკურორი გასამართლებულია ყაჩაღური ქურდობისთვის, სასჯელს იხდიდა გერმანიის ციხეში!” - დედაქალაქის მერის სკანდალური განცხადება

ugulava-samart-3საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. გუშინ, 20:50-ზე, გიგი უგულავამ, რომელიც ერთი დღით ადრე სასამართლომ თბილისის მერის მოვალეობების შესრულებას ჩამოაცილა ქალაქის ბიუჯეტიდან 25 მილიონი ლარის გაფლანგვის ბრალდებით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში შემდეგი სკანდალური განცხადება გააკეთა:

"საქართველოს მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გასამართლებულია აუგსბურგის რაიონული სასამართლოს მიერ გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 249-ე და 252-ე მუხლებით ყაჩაღური ქურდობისთვის. ოთარ ფარცხალაძეს მიესაჯა ძირითადი სასჯელი პატიმრობა 1 წელი და 3 თვე აუგსბურგის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა პასიური საარჩევნო უფლებისა და გარკვეული თანამდებობის უფლების ჩამორთმევა. დამატებითი სასჯელი ძალაშია 2016 წლის 22 აგვისტომდე. განაჩენი კანონიერ ძალაში 2001 წლის 14 მარტს შევიდა. მე მოვითხოვ საქართველოს მთავრობისგან დაუყოვნებლივ რეაგირებას, რომ მოხდეს თანამდებობიდან ჩამოშორება ოთარ ფარცხალაძის, ვიდრე საზოგადოება სრულად მიიღებს პასუხს ამ სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებით, რომელ საქმეშიც მსჯავრდებულია გერმანიაში საქართველოს დღევანდელი მოქმედი მთავარი პროკურორი", - განაცხადა უგულავამ.

იგი იმედოვნებს, რომ ეს არ დარჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გერმანიიდან ამ საქმეს გამოითხოვს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით კი, ოთარ ფარცხალაძე თანამდებობაზე არ დანიშნულა "ქართული ოცნების" მიერ.

„ის მაღალ თანამდებობებს იკავებდა "ნაციონალების" დროს და მე მინდა ვკითხო გიგი უგულავას, მაშინ რატომ არ დაინტერესდა ფარცხალაძის წარსულით?", - განაცხადა ბესელიამ.