აქტუალური
დაშავებული სამხედროები რეაბილიტაციისთვის აშშ-ში გაემგზავრნენ

1aqtual-3-daSavebulebiსაქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები  აშშ-ში დღეს, გამთენიისას გაემგზავრნენ. დაჭრილი  ჯარისკაცები პროთეზირების პროგრამას აშშ-ში, სან დიეგოს პიტერ ჰარშის საპროთეზო კლინიკაში გაივლიან. ისინი აეროპორტში ოჯახის წევრებმა და თანამებრძოლებმა გააცილეს.

რეაბილიტაციის კურსი პირველ ეტაპზე 8 სამხედრო მოსამსახურეს ჩაუტარდება. მათი შერჩევა დაზიანებების სიმძიმის მიხედვით მოხდა. დაშავებულ ჯარისკაცებთან ერთად ამერიკულ კლინიკაში ერთი ქართველი პროთეზირების სპეციალისტიც გაემგზავრა, რომელიც ბიო-ელექტრო X3 ტიპის პროთეზებზე მუშაობის სპეციფიკას დაეუფლება. სამხედროების მკურნალობის კურსს ზედამხედველობას ქართველი ექიმი, მაიორი ზვიად ბურძგლა გაუწევს.

დაშავებულ სამხედროებს მექანიკურ კიდურებს ბიო-მიკრო პროცესორიანი პროთეზით შეუცვლიან. უახლესი თაობის ელექტროკიდური სამხედრო მოსამსახურეებს რთულ რელიეფზე გადაადგილებას გაუადვილებს. ექსტრემალურ პირობებში გამძლე ახალი პროთეზი ჯარისკაცებს მეტი აქტიურობის საშუალებას მისცემს. პიტერ ჰარშის საპროთეზო კლინიკაში რეაბილიტაციის კურსი ყველა სამხედროსთვის ინდივიდუალურია.

პროთეზირების პროგრამისა და შემდგომი რეაბილიტაციის გავლისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებში 19 ჯარისკაცი გაემგზავრება. ამისათვის სარეზერვო ფონდიდან უკვე გამოყოფილია 866,000 აშშ დოლარი. სამომავლოდ, კონტრაქტით გათვალისწინებული 2.816,519.20 დოლარის დარჩენილი თანხის გამოყოფა თავდაცვის ბიუჯეტიდან იგეგმება. ეს პროგრამა მომავალში ყველა ამპუტირებულ სამხედრო მოსამსახურეზე გავრცელდება.

აშშ-ში გამგზავრებამდე დაშავებული სამხედროები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილიამ II-მ დალოცა, გამოჯანმრთელება და სამშობლოში მალე დაბრუნება უსურვა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ჯარისკაცები საკუთარ ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან და შეიარაღებულ ძალებში გააგრძელებენ სამსახურს.