საზოგადოება
საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ პოსტიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ფარცხალაძისგან ეს იყო „ნამდვილად ღირსეული ნაბიჯი და სწორი გადაწყვეტილება“.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ახალი წლიდან სასჯელაღსრულების მინისტრი აღარ იქნება სოზარ სუბარი, რისი მიზეზიც პენიტენციარულ სისტემაში შექმნილი მძიმე ვითარებაა. მის ადგილს კი ამჟამინდელი შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე დაიკავებს.
ვრცელდება ცნობები იმის თაობაზეც, რომ საქართველოს მთავარი პროკურორი, რომელიც პრემიერმა ღარიბაშვილმა უახლოეს დღეებში უნდა დაასახელოს, შესაძლოა „საქართველოს ანტიკორუფციული პალატის“ თავმჯდომარე პაატა შავაძე გახდეს. ეს ინფორმაცია შავაძემ უკვე დაადასტურა „გურია ნიუსთან“ საუბრისას, რომელსაც თავის სამომავლო გეგმებზეც უამბო.