სამართალი
თამარ ჩერგოლეიშვილი: “ეს ნაგვები, როცა ზურა ცოცხალი იყო, სომეხ დედას აყვედრიდნენ და ხმის ტემბრის გამო დასცინოდნენ”

samartali-2-Cergolaსაქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, განსვენებულ ზურაბ ჟვანიასთან მეგობრობას იხსენებს.

"ზურაბ ჟვანიასთან სტრასბურგში დავმეგობრდი. Regent Petite France უყვარდა - სასტუმრო, რომ ჩამოდიოდა, სულ იქ ჩერდებოდა. მე ამ სასტუმროს გვერდით ვცხოვრობდი და ფანჯრიდან ზუსტად ის ხედი მქონდა, რის გამოც ზურას ეს სასტუმრო უყვარდა - მდინარეს და ძველ სტრასბურგს გადავყურებდი.

საქმეებს რომ მოილევდა, საღამოობით ამოვიდოდა ხოლმე ჩემთან, ჩაის სვამდა და მესაუბრებოდა - დილის ხუთ საათამდე, ისე საინტერესოდ, რომ საერთოდ არ მანაღვლებდა, დილის 7 საათზე რომ უნდა ავმდგარიყავი სამსახურში წასასვლელად.

ბოლო პერიოდში ძალიან ნაწყენი იყო - ლადო ჭანტურიაზე განსაკუთრებით. შევარდნაძე არ ანაღვლებდა. ბრაზობდა იმის წარმოდგენაზე, რომ შესაძლოა არმაზ ახვლედიანი გამხდარიყო ევროპის საბჭოში ქართული დელეგაციის თავმჯდომარე. მიშაზე მეუბნებოდა, უკვე საკუთარ ძალებში დარწმუნდა და ჩემს გარეშეც სჯერა საკუთარი წარმატებისო (მე ვფიქრობდი, რომ უნდა გაერთიანებულიყვნენ ეგ და სააკაშვილი, თვითონ ჯერ გადაწყვეტილი არ ჰქონდა, თუმცა ბოლოს მაინც ასე მოხდა).

ჰოდა, ახლა რომ ვაკვირდები, რამდენი ნაგავი ცდილობს მისი სიკვდილის გამოყენებით პოლიტიკური კაპიტალის დაგროვებას, გული მწყდება. ეს ნაგვები, როცა ზურა ცოცხალი იყო, სომეხ დედას აყვედრიდნენ და ხმის ტემბრის გამო დასცინოდნენ", - წერს ჩერგოლეიშვილი facebook-ზე.