აქტუალური
დავით სერგეენკო: „ექსპერტები, რომლებმაც პატრიარქს რეკომენდაცია მიაწოდეს, ალბათ ვალდებული იყვნენ, საკითხში ღრმად ჩაეხედათ“

sergeenkoსაქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ ექსპერტები, რომლებმაც პატრიარქს სუროგაციისა და ხელოვნური განაყოფიერების შესახებ რეკომენდაცია მიაწოდეს, ვალდებული იყვნენ, საკითხში უფრო ღრმად ჩაეხედათ.

როგორც მან აღნიშნა, პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში რეალურად უმნიშვნელოვანესი საკითხები იყო წარმოჩენილი, ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი აბორტის თემა იყო.

მისივე თქმით, საზოგადოების ნაწილის რეაქცია სუროგაციისა და ხელოვნური განაყოფიერების საკითხებზე ერთგვარად მარგინალურია.

ხელოვნური განაყოფიერება, .. ინ ვიტრო უკვე 36 წელია დანერგილია, ხოლო ტექნოლოგიის ავტორი რობერტ ედუარდსი 2010 წელს ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა, მაგრამ მიუხედავად ასეთი მასშტაბური ტექნოლოგიისა და მეცნიერებაში უმაღლესი რანგის ჯილდოს მოპოვებისა, უშუალოდ ტექნოლოგიის ავტორიც კი სიცოცხლის ბოლო წლებამდე ტოვებდა უამრავ კითხვას", - განაცხადა სერგეენკომ.

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, დღესაც სამეცნიერო წრეებში ინტენსიური დისკუსია მიმდინარეობს აღნიშნულ საფრთხეებზე, და არა მარტო რელიგიური, არამედ ბიოეთიკური თვალსაზრისითაც ეს არის თემა, რომელიც პრობლემატურად შეიძლება ჩაითვალოს, რის გამოც მას ღრმა ანალიზი სჭირდება.

მისივე თქმით, სუროგაცია საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული არ არის.