საზოგადოება
ანი ნადარეიშვილი: „ჩვენ ვითხოვთ, ნებისმიერი ტელევიზიის ღია ეთერში, გარდა „ობიექტივისა", ბატონი ჯოლოხავა დაგვიჯდეს ღია დებატებში!“

1-ani-irmaსაქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. მას შემდეგ, რაც გუშინ მედიაკავშირ „ობიექტივის“ ეთერში ყოფილმა პატიმარმა გოდერძი ჯოლოხავამ განაცხადა, რომ გენშტაბის ყოფილი უფროსი კალანდაძე და მისი თანამზრახველი მუქარით აიძულებდნენ, უარი ეთქვა თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მიცემულ ჩვენებასა და ინაშვილთან ინტერვიუში გადმოცემულ ფაქტებზე, ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი და ადვოკატი გოგა ონიანი ჯოლოხავასთან პირდაპირ ეთერში დებატებს ითხოვენ.

"ჩვენ ვითხოვთ, ნებისმიერი ტელევიზიის ღია ეთერში, გარდა "ობიექტივისა", ბატონი ჯოლოხავა დაგვიჯდეს ღია დებატებში. ჩვენ მას რამდენიმე კითხვას დავუსვამთ და საზოგადოება დარწმუნდება ჩვენს სიმართლეში. ასევე ვითხოვთ, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით", - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა, რომლის თქმითაც, განცხადება, რომელიც ჯოლოხავამ ჟურნალისტ ირმა ინაშვილთან გააკეთა, სრული სიცრუეა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ გუშინვე ანი ნადარეიშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ყოფილი პატიმარი ყვება, რომ ბაჩო ახალაიასა და მეგის ქარდავას წინააღმდეგ ჩვენება ზეწოლის ქვეშ მისცა. ჯოლოხავას თქმით, მასზე ზეწოლა არჩილ კბილაშვილთან და თეა წულუკიანთან შეხვედრის დროს მოხდა.

აღნიშნულ ვიდეომიმართვას გამოეხმაურა „ობიექტივის“ ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი, რომლის მტკიცებითაც, მიმართვა ახალაიასა და მეგის ქარდავას ახლობლების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის ქვეშ არის ჩაწერილი. მან იქვე აღნიშნა, რომ „ჯოლოხავა, შესაძლოა, არც იყოს ცოცხალი“.

ინაშვილის კომენტარს მის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოზე  ანი ნადარეიშვილი შემდეგნაირად გამოეხმაურა: „ხო, ქალბატონო ირმა, მგელს ვაჭამე!“

ამის შემდეგ ჯოლოხავა თავად მივიდა „ობიექტივში“ და ზემონახსენები განცხადება გააკეთა.
„გასარკვევია, ვისი მხრიდან მიმდინარეობდა ზეწოლა. გამოძიება უნდა იყოს ობიექტური და ყოველმხრივი", - აცხადებს ჯოლოხავას ორ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებაზე ახალაიას ადვოკატი გოგა ონიანი.