პოლიტიკა
საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. "ყაზტრანსგაზმა" საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის ბუნებრივი აირით მომარაგებაზე განცხადება გაავრცელა. როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილესთან ერთად აღნიშნეს, მალხაზ აბდუშელიშვილის ქუჩის №1-ში რეგისტრირებულ მისამართზე, რომელიც პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის ტერიტორიაა, აღმოჩენილია ბუნებრივი აირის უკანონოდ დატაცების ფაქტი.
როგორც ილია ელოშვილმა განაცხადა, სავარაუდოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია თვეში დაახლოებით 5000-6 000 ლარის ბუნებრივ აირს მოიხმარდა. ელოშვილის თქმით, შედგენილია ადმინისტრაციული აქტი, დალუქულია ობიექტი და მიმდინარეობს იქ დადგმული სიმძლავრეების დადგენა, რათა ზუსტად განისაზღვროს ჯარიმის ოდენობა. დაკისრებული ჯარიმა კი სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურმა უნდა გადაიხადოს.
როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, სავარაუდოდ, ეჭვი არსებობს რომ თბილისის გარშემო არსებული ფეშენებელური ვილები და სხვადასხვა კერძო ორგანიზაცია ასევე უკანონოდ მოიხმარენ ბუნებრივ აირს. კომპანია ყველა ასეთი ობიექტის შემოწმებას იწყებს.