აქტუალური
“მით უფრო ცინიკურია ხელისუფლების იმ წარმომადგენლების მხრიდან 40%-ზე საუბარი, რომლებიც 50%-იანი ბარიერის გამო 2010-11 წლებში საპროტესტო აქციებით იმუქრებოდნენ!”

cinikuri-aqtual-2საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. საარჩევნო კანონმდებლობის საკითხებზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რამდენიმე უშედეგო შეხვედრა გაიმართა. მმართველ გუნდს არ შემოუთავაზებია საარჩევნო კოდექსის ცვლილების არანაირი პროექტი. მხოლოდ რამდენიმე დღის წინ ჩვენც და თავად „ქართული ოცნების“ წევრებმაც ტელევიზიით შევიტყვეთ მერის არჩევნებზე 40%-იანი ბარიერის დაწესების შესახებ. მით უფრო ცინიკურია ხელისუფლების იმ წარმომადგენლების მხრიდან 40%-ზე საუბარი, რომლებიც 50%-იანი ბარიერის გამო 2010-11 წლებში საპროტესტო აქციებით იმუქრებოდნენ.

ხელისუფლება უარს ამბობს ოპოზიციის ყველა შეთავაზებაზე, ასევე, საერთაშორისო რეკომენდაციებზე და საკუთარ ვალდებულებებზეც კი, რომლებიც მმართველ გუნდს 8-იანის ფორმატში აქვს აღებული. ეს კი ნაციონალური მოძრაობისკოდექსის შენარჩუნებას ნიშნავს და მიზნად მხოლოდ ურეიტინგო დავით ნარმანიასთვის კომფორტული საარჩევნო გარემოს შექმნას ისახავს.

მივიჩნევთ, რომ ქვეყანაში ვერ ჩატარდება თავისუფალი და სამათლიანი არჩევნები, რადგან არ არსებობს:

• 50%-იანი ბარიერი მერის არჩევნებზე, რაც ოპოზიციის უმთავრეს მოთხოვნად რჩება;

პარიტეტული საარჩევნო ადმინისტრაცია;

მაჟორიტარული კორპუსის რეფორმა - აღნიშნულ წარმოადგენდა ბიძინა ივანიშვილის დაპირებას, რაც ამჟამინდელმა მთავრობამ დაივიწყა;

ბიომეტრიული საარჩევნო სია;

საარჩევნო დავების განხილვისთვის სპეციალური სასამართლო პალატა - დავით უსუფაშვილის პირადი ინიციატივა (2011);

პარიტეტული სარეკლამო დრო.

არალეგიტიმურია არჩევნები, რომელიც მხოლოდ 1 პარტიისთვის მისაღები წესებით ტარდება. საარჩევნო კოდექსი აჩვენებს ზოგად ტენდენციას, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში არა დემოკრატიული რეფორმებისთვის, არამედ პრივილეგიების და პირადი კომფორტისთვის მოვიდა.

მოვუწოდებთ ქართულ საზოგადოებას და ევროპელ პარტნიორებს, დროულად მოახდინონ რეაგირება ქვეყანაში მიმდინარე არაჯანსაღ პროცესებზე, სანამ მივიღებთ კიდევ ერთ გაყალბებულ და არალეგიტიმურ არჩევნებს.

1. ახალი მემარჯვენეები

2. დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო

3. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია

4. თავისუფალი საქართველო

5. ევროპელი დემოკრატები

6. ლეიბორისტული პარტია

7. ქალთა პარტია

8. ქართული დასი

9. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა

10. ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია