აქტუალური
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიაში დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ძალიან დატვირთული გრაფიკით იმუშავებს

ak-1-saq-premieriსაქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. დავოსის 44-ე ფორუმი დღეს იწყება და 25 იანვრამდე გაგრძელდება. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია, ასევე საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე.

დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა სესიაზე ევრაზიაშემდეგი ზღვარი და სამხრეთ კავკასია და ცენტრალური აზია: გზა გლობალური ეკონომიკისკენ”, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი ენერგოსექტორის უპირატესობებზე, ეკონომიკური ზრდის პოტენციალსა და რეგიონთაშორისი ინტეგრაციის გამოწვევებზე ილაპარაკებს. სესიას  დაესწრებიან აგრეთვე ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.

დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაში, სადაც განისაზღვრება მომავალი წლის ეკონომიკური პრიორიტეტები.

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე ქვეყნის პირველ პირთან პირისპირ შეხვედრასაც გამართავს: შვეიცარიის კონფედერაციისა და ყაზახეთის პრეზიდენტებთან, ასევე საუდის არაბეთის პრინც ტურკი ალ ფაიზალთან.

დაგეგმილია შეხვედრები მსოფლიოში წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან: LAZARD, TATA SONS LTD, EMAAR PROPERTIES, JUMEIRAH GROUP, BLACKSTONE GROUP, LAFARGE, AGILITY LOGISTICS, AGCO, ROYAL PHIPIPS, MOLLER MAERSK. ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება მსოფლიო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელმძღვანელებს. დაგეგმილია შეხვედრა ჯორჯ სოროსთან.

ვიზიტის დასაწყისში ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის, პროფესორ კლაუს შვაბის კერძო მიღებასა და სადილს.

ვიზიტის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი წამყვანი უცხოური მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში მოხვდება, დაგეგმილია პირდაპირი ჩართვის განხორციელება ტელეკომპანია CNBC -ის ეთერში. ირაკლი ღარიბაშვილი ინტერვიუს მისცემს ტელეკომპანია BBC-ს, CNN-ს და სააგენტო BLOOMBERG-ს.