საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. სოჭის ოლიმპიადის გამო გაგრის რაიონში სასაზღვრო ზონა, რომელიც მდინარე ფსოუს სიახლოვეს გადის, აფხაზეთის ტერიტორიის სიღრმეში - 11 კმ-ით გაგრისკენ გადაიწია. ამ ზონაში მოხვდა 8 დასახლებული პუნქტი. აღნიშნული გადწყვეტილება აფხაზეთის ხელისუფლებამ მოიწონა:
საქართველოს ხელისუფლება მომხდარს რუსეთის მხრიდან საოკუპაციო მოქმედებების გაგრძელებას უწოდებს. მათი თქმით, ამგვარი გადაწყვეტილებები მიუღებელი და უკანონოა, თუნდაც მოტივაციად ოლიმპიადის უსაფრთხოება ედოს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი: „ეს ქმედებები ახლოსაც არაა კანონთან. ეს რფ-ის საოკუპაციო პოლიტიკის კიდევ ერთი გამოვლინებაა. არსებობს საფრთხე, რომ რუსეთი ოლიმპიადისგან დამოუკიდებლად უფრო დიდ მასშტაბებში გააგრძელებს ოკუპაციას“.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი: „რფ-ის შიარაღებული ძალები აგრძელებენ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას. ძალიან სამწუხაროა, რომ მოცემულ გარემოებებში, თუნდაც უსაფრთხოების დაცვის საბაბით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ძირითადი პრინციპები ირღვევა“.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია: „ჩვენი ოპერატიული გეგმები, რომლებიც შემუშავებულია და მუდმივად სრულყოფას განიცდის, ადაპტირებულია ყველა შემთხვევაზე. ყველა ძალა და რესურსი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს გააჩნია, გაუმკლავდება მოვლენათა ნებისმიერ შემობრუნებას და შევძლებთ გარე გამოწვევებზე ადეკვატური რეაგირება მოვახდინოთ“.