საზოგადოება
სოსო ჯაჭვლიანი: „სამმართველოში დავინახე ლუკა კურტანიძე, წელზევით იყო შიშველი, ორი ნაძირალა სურათებს იღებდა ლუკასთან...”

sasamartlo-saz-3საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. ყოფილი პრემიერის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებულ გუშინდელ სასამართლო სხდომაზე სულ 4 მოწმე დაიკითხა. მათ შორის, ბექა ჯავახაძე სახალხო დამცველის აპარატიდან და დეპუტატები სოსო ჯაჭვლიანი და ზაზა პაპუაშვილი. მოწმეები 2011 წლის 26 მაისს განვითარებულ მოვლენებს იხსენებდნენ. მათი ჩვენებებიდან ირკვევა, რომ სპეცრაზმის მხრიდან ყველა მოწმეზე ზეწოლა განხორციელდა, თუმცა დაცვის მხარე ფიქრობს, რომ საქმე პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.

„ცხოვრებაში ალბათ ყველაზე მაგრად გამიჭირდა დღეს აქ მოსვლა. კაცი როცა წაქცეულია, მე მისი ცემა ცოტა მიჭირს. მოვედი, რომ პატივი ვცე სასამართლოს და გავიხსენოთ 26 მაისის საღამო“, - აღნიშნა სოსო ჯაჭვლიანმა, რომელმაც სასამართლოზე განაცხადა, რომ სამმართველოში ნახა წელზევით შიშველი ლუკა კურტანიძე, „ორი ნაძირალა კი სურათებს იღებდა მასთან“.

„ადამიანებმა დატოვეს ის ტერიტორია და სადღა მისდევ, რატომ მისდევ, რა არის ამოცანა შენი დევნის? ამიტო ვფიქრობ, რომ იმ ღამეს რაც მოხდა, არაფერი საერთო კანონიერებასთან არ აქვს. უნდათ, რომ რაღაცნაირად გადაიფაროს ეს ღამე, რომ მარგინალად გამოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებიც იქ იყვნენ“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა.

„ეს იყო მხუთავი გაზი, ეს იყო რეზინის ტყვიები, პირდაპირი დამიზნებით სროლა. ეს იყო ხელკეტები და ჯავშანმანქანები, რომლებიც ორგანიზებულად ავიწროებდნენ მომიტინგეებს ყველა მხრიდან. დარბევა იყო მთელი სისასტიკით, სადაც არ იყო დანდობა არც მოხუცის, არც ზრდასული ადამიანების და არც ბავშვების, რომლებიც იქ მრავლად იმყოფებოდნენ“, - განაცხადა სასამართლოზე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ.