უცხოეთი
იანუკოვიჩმა პრემიერ-მინისტრი აზაროვის გადადგომა მიიღო

azarovi-ucx-3საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა მიიღო პრემიერ-მინისტრი ნიკოლაი აზაროვისა და ქვეყნის მთავრობის გადადგომა - ბრძანებულება იანუკოვიჩის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. მან დაავალა მთავრობას, მუშაობა განაგრძოს ახალი მთავრობის ამუშავებამდე, - იუწყება „ინტერფაქსი“. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნების დღიდან.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას „უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შესახებ კანონის“ თანახმად, პირველი ვიცე-პრემიერი სერგეი არბუზოვი შეასრულებს, განუცხადა „ინტერფაქსს“ აზაროვის პრესმდივანა ვიტალი ლუკიანენკომ და დასძინა, რომ 29 იანვარს დაგეგმილ მთავრობის სხდომას უკვე არბუზოვი წარუძღვება.

„დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია უკრაინის ერთიანობისა და მთლიანობის შენარჩუნება. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ვისამე პირადი გეგმები ან ამბიციები“, - დაწერა აზაროვმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

მთავრობის გადადგომა უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, რომელიც მათ 21 ნოემბრის შემდეგ წამოაყენეს.