პოლიტიკა
საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. „კეთილსინდისიერების განვითარების“ (Building Integrity) პროგრამის ნატოს ექსპერტთა ჯგუფმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები დადებითად შეაფასა.
„გაიზარდა ელექტრონული შესყიდვების სისტემის გამოყენება; გააქტიურდა ურთიერთობა სამოქალაქო საზოგადოებასთან; გაიხსნა სამოქალაქო მისაღები; დაიწყო ფუნქციონირება შერჩევის საბჭოებმა და დაინერგა სამოქალაქო პერსონალის დამოუკიდებელი ტესტირების სისტემა. დადებითად შეფასდა კორუფციის პრევენციის მიზნით ქონებრივი დეკლარაციების ონლაინ სისტემის შემოღება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ანგარიში თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა ჯეიმს აპატურაიმ გამოუგზავნა.
„ჩვენი რეკომენდაციაა, რომ საქართველომ გამოიყენოს ნატოს და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის (South-Eastern Europe Defence Ministerial, SEDM) ფორმატები და თავისი გამოცდილება და მიღებული ცოდნა სხვებსაც გაუზიაროს. ნატოს BI ექსპერტთა ჯგუფი და ნატოს შტაბბინა, ასევე, ნატოს სხვა ექსპერტები და პარტნიორები გამოვხატავთ მზადყოფნას, დახმარება გაგიწიოთ, რათა კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოთ გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და კეთილსინდისიერების განმტკიცების კუთხით და ასევე, მეტად წარმოაჩინოთ თქვენ მიერ დანერგილი წარმატებული მაგალითები“, - ნათქვამია ჯეიმს აპატურაის წერილში.