საზოგადოება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სენატორთა და კონგრესმენთა გაფართოებულ ჯგუფს და აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს შეხვდა

1-senatoreb-saz-3-mtსაქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. ა.წ. 1 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრა გამართა ამერიკის სენატორთა და კონგრესმენთა გაფართოებულ ჯგუფთან, რომელსაც სენატორი ჯონ მაკკეინი ხელმძღვანელობს. მხარეებმა განიხილეს აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრების გზაზე მიღწეული პროგრესი. საუბარი შეეხო 2014 წელს დაგეგმილი ნატოს სამიტისა და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებულ საკითხებს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ამ მიმართულებით შეერთებული შტატების მხარდაჭერას და აღინიშნა აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. გაფართოებულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებიც დაესწრნენ.

იმავე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრა გამართა აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანთან, კისინჯერის ასოციაციის თავმჯდომარე ჰენრი კისინჯერთან. მხარეებმა აშშ-საქართველოს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობის საკითხები განიხილეს. ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებზე, ასევე რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე.

1-senatoreb-sazogad-3-1