საზოგადოება
„ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა, მონაწილეობა მიიღოს 2014 წლის შემდგომ ნატოს საწვრთნელ მისიაში ავღანეთში“ - 2014 წელს ნატო-საქართველოს კომისიის პირველი სხდომა ჩატარდა

1-rasmusen-sazog-1-mtavსაქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს შტაბბინას ეწვია და შეხვედრა გამართა ნატოს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ნატოს თანამშრომლობის მნიშვნელობას და საქართველოსთან არსებულ მყარ პარტნიორულ ურთიერთობას. აღინიშნა ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, ის დემოკრატიული პროცესები და რეფორმები, რასაც ადგილი ჰქონდა ქვეყანაში ბოლო პერიოდის განმავლობაში. ასევე ხაზი გაესვა საქართველოს წვლილს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების პროცესში, კერძოდ, საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ავღანეთის ISAF-ის მისიაში. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა, მონაწილეობა მიიღოს 2014 წლის შემდგომ ნატოს საწვრთნელ მისიაში ავღანეთში.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი დაესწრნენ.

1-rasmusen-sazog-1-1