საზოგადოება
11 და 12 თებერვალს ნატოს სამხედრო კომიტეტს საქართველოში ვიზიტის დროს ნატოს პირველი სამხედრო პირი უხელმძღვანელებს

1-komitets-sazog-3საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. 2014 წლის 11-12 თებერვალს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრება ნატოს სამხედრო კომიტეტი. ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსნების ვიზიტს კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი კნუდ ბარტელსი უხელმძღვანელებს. მას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე უმასპინძლებს.

ნატოს სამხედრო კომიტეტის გასვლითი ვიზიტი საქართველოში პირველად იმართება. სამხედრო კომიტეტი ნატოს უმაღლესი სამხედრო ორგანოა. მისი ძირითადი ფუნქციაა, ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს რეკომენდაციები წარუდგინოს სამხედრო პოლიტიკასა და სტრატეგიაზე და ნატოს სტრატეგიულ სარდლებს მითითებები მისცეს. კომიტეტის შემადგენლობაში შედიან ნატოში წევრქვეყნების სამხედრო წარმომადგენლები.

11 თებერვალს ნატოს პირველი სამხედრო პირი საქართველოს მთავრობის კანცელარიაში შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან.

12 თებერვალს დაგეგმილია სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელის შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან. შეხვედრის შემდეგ თავდაცვის სამინისტროში გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი კნუდ ბარტელსი მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენციას გამართავენ.

ამავე დღეს სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" 28+1 ფორმატში სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიმართება. სხდომაზე საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის ტრანსფორმაციის, ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილისა და ნატო-საქართველოს მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილება.

სხდომის დასრულების შემდეგ სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი ნატოს წარმომადგენლებს სამუშაო ლანჩზე უმასპინძლებს.