საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი: „პუტინის რეპლიკის ანალიზს ძალიან სერიოზულად მოვახდენთ და შეხვედრის თაობაზე კონსულტაციებს გავივლით დასავლელ კოლეგებთანაც“

Giorgi-Margvelashvili-saz-3საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშილი რფ-ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის რეპლიკას გააანალიზებს. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ის მზად არის, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ კონსულტაციები გამართოს.

"ქართულ-რუსული ურთიერთობები არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და პრობლემური ურთიერთობა, რაც ქართულ სახელმწიფოს გააჩნია. შესაბამისად, ამ რეპლიკის ანალიზს ჩვენ მოვახდენთ ძალიან სერიოზულად და ზედმიწევნით, გავივლით კონსულტაციებს და ჩვენს პოზიციასაც ჩამოვაყალიბებთ. თუ არის შესაძლებლობა, რომ იმე ასეთი ტიპის შეხვედრამ მისცეს პოზიტიური იმპულსი ქართულ-რუსულ ურთიერთობებს, თუ არის სერიოზული მზადყოფნა ძალიან პრობლემური თემების განხილვისთვის, ბუნებრივია, არის საფუძველი, რომ ჩვენ ამ თემებზე კოლეგებთან ვიმსჯელოთ, გავიაროთ კონსულტაციები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე დასავლელ კოლეგებთან და ვიფიქროთ ასეთი შეხვედრის თაობაზე", - განაცხადა მარგველაშვილმა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოლიმპიადის პრესცენტრში ჟურნალისტებთან საუბრისას, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისთვის მზადყოფნა გამოთქვა.