საზოგადოება
ვანო მერაბიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

merabishvili-saz-1საქართველო, 17 თებერალი, საქინფორმი. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნო. შეკრებითობის პრინციპით მერაბიშვილს მიესაჯა პატიმრობა 5 წლის ვადით.

სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო ზურაბ ჭიაბერაშვილი და ჯარიმის სახით 50 000 ლარის გადახდა დააკისრა. მოსამართლე ნათია ბარბაქაძის გადაწყვეტილებით, ჭიაბერაშვილს წარდგენილი ბრალდება - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება შეეცვალა სხვა ბრალდებით, კერძოდ, სამსახურებრივი გულგრილობით, რისთვისაც სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 50 ათასი ლარის ოდენობით. ამასთან მოსამართლის გადაწყვეტილებით, ზურაბ ჭიაბერაშვილს უკან დაუბრუნდება გირაოს სახით გადახილი 20 ათასი ლარი.

ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი 21 მაისს, პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ დააკავეს, თუმცა ჭიაბერაშვილი 20 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მათ ბრალი წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით (ამომრჩევლის მოსყიდვა, მითვისება/გაფლანგვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმის მასალებით, მერაბიშვილმა და ჭიაბერაშვილმა 2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამა გამოიყენე”ს ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტების დასაფინანსებლად, რომლებიც პარტიის სასარგებლო აგიტაციაში მონაწილეობდნენ, ფულს კი ბიუჯეტიდან იღებდნენ.

დაცვის მხარე განაჩენს, სავარაუდოდ, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.