სამართალი
შეძახილებით “დიდება უკრაინას - გმირებს დიდება!” - კუტუზოვის ძეგლი აიღეს და სინაგოგას “მოლოტოვის კოქტეილები” დაუშინეს...

kriki-samart-1საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. უკრაინაში მხოლოდ ლენინის ძეგლები როდი ზარალდება. მაგალითად გუშინ, სამშაბათს, 25 თებერვალს, უცნობმა პირებმა ზაპოროჟიეში სინაგოგას შეუტიეს: რამდენიმე ათეულმა ადამიანმა შენობის შესასვლელს და კედლებს “მოლოტოვის კოქტეილები” დაუშინა

შედეგად ფასადი დაზიანდა. საბედნიეროდ, არავინ დაზარალებულა, თავდასხმის დროს სინაგოგაში მორწმუნეები არ იყვნენ.

შეგახსენებთ, ადრე უკრაინას ლენინის ძეგლების ჩამოგდების მასობრივმა ტალღამ გადაუარა. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ოცამდე მონუმენტი აიღეს და გაანადგურეს. 22 თებერვალს ლვოვის ოლქის ქალაქ სტრიში საბჭოთა ჯარისკაცის ძეგლი მოხსნეს.

ხოლო ორშაბათს, 24 თებერვალს, ლვოვის ოლქის ქალაქ ბროდში რუსი მხედარმთავრის მიხაილ კუტუზოვის ძეგლი აიღეს. ძეგლის ჩამოგდებას დეპუტატები, საზოგადოებრიობა და შემთხვევითი გამვლელები ადევნებდნენ თვალს. კვარცხლბეკის მოხსნას ქალაქელები შეძახილებით მიესალმნენ: “დიდება უკრაინას - გმირებს დიდება!”.