სამართალი
კახა კალაძე: „ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებები საფრთხეს უქმნის უკრაინასა და რუსეთთან ჩვენი ქვეყნის ურთიერთობას“

Kakhi-Kaladzeსაქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. ვიცე-პრემიერი კახა კალაძე უკრაინის მოვლენებზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„სააკაშვილი, რომლის რეჟიმი ზუსტად იანუკოვიჩის ხელისუფლების მსგავსად უარყო საკუთარმა ამომრჩეველმა - მომხვეჭელობა, კანონის საკუთარ თავზე მორგება, სახელმწიფოს ხარჯზე საკუთარი კომფორტის, კეთილდღეობის და დასვენების მოგვარება - ესაა სააკაშვილის და იანუკოვიჩის გუნდების საერთო ხელწერა და დანაშაული საკუთარი მოსახლეობის წინაშე.

იმ ფონზე, როცა რუსეთის მხრიდან ადგილი აქვს პროვოკაციულ ქმედებებს და საერთაშორისო ნორმების დარღვევას, როგორც ყოველთვის, "ნაციონალური მოძრაობა" თავისი ჩვეული, ისტერიული განცხადებებით ცდილობს ყურადღების მიქცევას, წარმოშობილი პრობლემის გაღრმავებას და დესტრუქციას. "ნაციონალური მოძრაობის" თვითპიარზე ორიენტირებული გამოსვლები სასაცილოს ფაზიდან უკვე გადავიდა იდიოტიზმის და ქვეყნის პოლიტიკისთვის სახიფათო სტადიაზე. ამ პარტიის წარმომადგენელი, ბატონი ვაშაძე ბედავს და სატელევიზიო ეთერში აცხადებს, რომ საქართველოში რუსული ჯარი არ დგას.

„ნაციონალებმა“ რუსეთის და ნაურუს მხარდამხარ აღიარეს დაკარგული ტერიტორიების დამოუკიდებლობა და თავის უპასუხისმგებლო ისტერიულ ქმედებებს ამით დაუსვეს წერტილი. მცოცავი ოკუპაციის ფონზე, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებები საფრთხეს უქმნის საქართველოში მიმდინარე პროცესების სტაბილურობას, სიტუაციის მონიტორინგს საოკუპაციო ზონაში, უკრაინასა და რუსეთთან ჩვენი ქვეყნის ურთიერთობას", - აღნიშნავს კალაძე მიმართვაში.