პუბლიკაციები
ღარიბაშვილი: "გაოცებული ვარ პირდაპირ, უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება საერთოდ როგორ ესაუბრება მიხეილ სააკაშვილს?! მას ჩაყვანილი ჰყავს საკუთარი ბიძა - "კა-გე-ბე"-ს ყოფილი პოლკოვნიკი, გია ბარამიძე , ზურაბ ადეიშვილი ჩაჰყავთ და დათა ახალაია“

1-gaocebuli-pol-1-an-1საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. გუშინ საღამოს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში გავიდა ექსკლუზიური ტელეინტერვიუ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, რომელშიც მან დაწვრილებით ილაპარაკა თავის პირველ ვიზიტზე აშშ-ში 2014 წლის 22-28 თებერვალს, შეეხო, აგრეთვე, უკრაინის მოვლენებს და საქართველოს წინა ხელისუფლების დესტრუქციულ როლს (სრული ვიდეოჩანაწერი იხილეთ აქ) მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით.

"გაოცებული ვარ პირდაპირ, უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება საერთოდ როგორ ესაუბრება მიხეილ სააკაშვილს?! მე მითხრეს, რომ მრჩევლად ჰყავთ მიწვეული. არ მინდა მათ საქმეში ვერიო, მაგრამ, როცა უშიშროების მინისტრი ესაუბრება მას და რჩევებს ეკითხება, მე მგონი შეცდომაა და მძიმე შეცდომაა, რადგან სააკაშვილი არის ის კაცი, რომელმაც თავიდან ვერ აიცილა 2008 წლის ომი, პროვოკაციას პირდაპირ წამოეგო და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. როცა კრიზისულ ვითარებაში ასეთი ავანტიურისტი გყავს მრჩევლად, მე მგონი, ესაა დიდი შეცდომა. მე დავინახე, რომ სააკაშვილი მარტო არაა იქ ჩასული. როგორც მეუბნებიან, მას ჩაყვანილი ჰყავს საკუთარი ბიძა, რომელსაც, სხვათა შორის, საინტერესო წარსული აქვს, იგივე რუსეთის სპეცსამსახურებთან ურთიერთობის კუთხით. ჩემი ინფორმაციით, ის "კა-გე-ბე"- ყოფილი პოლკოვნიკია და "ყოფილები" ხომ იცით, არ არსებობენ მაგ სფეროში. მე უბრალოდ, მეგობრულად ვურჩევდი ამ ადამიანებს, რომ ნაკლებად დაუჯერონ მიხეილ სააკაშვილის რჩევებს, რადგან მეეჭვება, რომ ის სასარგებლო რჩევებს აძლევს მათ. ამ ადამიანმა საკუთარი ხალხისთვის ვერ შეძლო სასარგებლო საქმის გაკეთება.

შეიძლება მეგობრულად გავაფრთხილო და ვურჩიო უკრაინის ხელისუფლების პასუხისმგებელ პირებს, გათვალისწინონ მიხეილ სააკაშვილის ბიოგრაფია, მისი რადიკალური ხასიათი, მისი ავანტიურისტული მიდგომები საკითხებისადმი. მეუბნებიან, რომ გია ბარამიძე ჰყავთ შს მინისტრის მრჩევლად. გუშინ მითხრეს, რომ ზურაბ ადეიშვილი ჩაჰყავთ ასევე მრჩევლად და დათა ახალაია იქნება მეორე მრჩეველი. ეს ყველაფერი ძალიან მძიმე შედეგს გამოიღებს. ჩვენ ეს ადამიანები გამოვცადეთ საკუთარ თავზე და ვნახეთ, რა კატასტროფამდე მიიყვანეს მათ ქვეყანა. კრიზისის დროს ასეთი ადამიანების გვერდით ყოლა - ესაა საკუთარი თვითმკვლელობის ტოლფასი.

მას სურს ეპიცენტრში იყოს და იქ პროცესები მართოს. ის იკვებება პროვოკაციებით. სააკაშვილი ცუდად არის იქ, სადაც სიტუაცია არის მშვიდი და სტაბილური. ეს მისი ხასიათიდან კარგად იკვეთება, რომ ადამიანს არ სურს სტაბილურობა, ასეთი პიროვნებაა, ეს დაამტკიცა არაერთგზის. ის იკვებება პროვოკაციებით, კრიზისებით და რადიკალიზმით და ასეთი რადიკალების მრჩევლებად მიყვანა არის კატასტროფული შედეგის მომტანი", - განაცხადა,  კერძოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხისას.