საზოგადოება
თუ 16 მარტის რეფერენდუმის შედეგებით ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში შევა, მაშინ სექტემბერში, ნატოს სამიტზე დიდ ბრიტანეთში, საქართველოს ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმას მიანიჭებენ

1-nato-sazog-2საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. “რუსეთის მოქმედებამ უკრაინაში გამოიწვია აღმოსავლეთ ევროპაში ალიანსის უფრო გაბედული პოლიტიკის აუცილებლობის შესახებ დისკუსიის განახლება, - განუცხადა “კომერსანტს” წყარომ ნატოს შტაბბინაში, - იმის შესახებ, რომ თბილისის განაცხადი კანდიდატის სტატუსის მიღებაზე უნდა დაკმაყოფილდეს, იმ სახელმწიფოთა წარმომადგენლებიც კი ალაპარაკდნენ, რომლებიც ცოტა ხნის წინ ამ საკითხის ფორსირებისგან თავის შეკავებას მოუწოდებდნენ”.

სახელმწიფო დეპარტამენტში “კომერსანტის” თანამოსაუბრის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა ვაშინგტონში, თეთრი სახლის წარმომადგენლები დაჰპირდნენ, რომ აშშ მხარს დაუჭერს ნატოში ინტეგრაციის თაობაზე თბილისის სურვილს. გამოცემის წყაროს თქმით, “თუ რუსეთი ყირიმის შეერთების შესახებ განაცხადებს, საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების საკითხი ფაქტობრივად გადაწყვეტილად შეიძლება ჩაითვალოს”. შენიშვნა “ფაქტობრივად” “კომერსანტის” თანამოსაუბრემ იმით ახსნა, რომ ამისათვის ხელის შეშლა მხოლოდ გერმანიას შეუძლია, რომლის საგარეო საქმეთა სამინისტროს, როგორც 2008 წელს, მოსკოვისადმი ლოიალურად განწყობილი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი უდგას სათავეში.

“თუმცა ბერლინის და რიგი სხვა სკეპტიკოსების აზრი შესაძლოა შეიცვალოს: ყირიმის მიერთებას რფ-სთვის ევროკავშირის არცერთ დედაქალაქში მისაღებად არ მიიჩნევენ”, - დარწმუნებულია “კომერსანტის” თანამოსაუბრე.

ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივაზე საუბრისას საქართველოს ხელისუფლება გვერდს უვლის საკითხს, რა ელის ამ შემთხვევაში აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს. ამჟამად საქართველოში პარალელურად ფორსირებულ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით მისი ტაქტიკა უფრო გარკვეულია. “მათ (აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს) თვალწინ ექნებათ მკაფიო სურათი - შესაძლოა, მაშინვე არა, მაგრამ ხუთი ან ათი წლის შემდეგ. ისინი დაინახავენ განსხვავებას, - განმარტა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, - და მაშინ უნდა გადაწყვიტონ: სიბნელეში იცხოვრებენ თუ ნათელი მომავლისკენ გადადგამენ ნაბიჯს”.

ვაშინგტონში ატლანტის საბჭოში გამოსვლისას პრემიერმა ღარიბაშვილმა აღნიშნა: “ჩვენ აშშ-ს ამ ალიანსის უდავო ლიდერად, და საერთოდ, მთელი თავისუფალი სამყაროს ლიდერად მივიჩნევთ. მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, აშშ მხარს უჭერს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, უსაფრთხოებას და დემოკრატიას”. ახლა კი, ღარიბაშვილის თქმით, თბილისს იმედი აქვს, რომ “აშშ ნატოში საქართველოს კარი გახდება”.